ხორავას ქუჩის საქმე

კაპანაძე: სააპელაციომ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ სარალიძის მკვლელი იდენტიფიცირებული არაა

მეორე არხი

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე, რომელიც ამავდროულად, ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იყო, სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. 

დეპუტატის თქმით, სააპელაციო სასამართლომ პრაქტიკულად დაადასტურა საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომ დავით სარალიძის მკვლელი იდენტიფიცირებული არ არის და ის თავისუფალია. 

"მოვისმინეთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. პრაქტიკულად დადასტურდა ის, რაზეც საგამოძიებო კომისიამ შარშან თავისი დასკვნა დადო. კერძოდ ის, რომ დავით სარალიძის მკვლელი არ არის იდენტიფიცირებული და თავისუფლებაზეა. შესაბამისად, ამ სასამართლომაც კი, რომელიც სრულიად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, არ გაიზიარა ის სრულიად აბსურდული, მე ვიტყოდი კატასტოფული არგუმენტები, რომელიც პროკურატურას ჯერ კიდევ პირველ ინსტანციაში გააჩნდა და ახლა, სააპელაციო დონეზე საჩივრის დროს. ეს ნიშნავს შემდეგს, რომ კომისიის დასკვნა ისევ რელევანტურია და ასევე რელევანტურია ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული გარემოებები და მათზე რეაგირება უნდა მოხდეს უმოკლეს ვადებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ახალგაზრდა ადამიანის განზრახ მკვლელობაში მონაწილე ადამიანი, რომლემაც დათო სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, თავისუფლებაზეა და ეს ყველამ იცის,"- ამბობს კაპანაძე.

5 სექტემბერს ხორავას ქუჩის მკვლელობების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა და კენჭი ეყარა დასკვნის დოკუმენტს. კომისიამ, რომლის უმრავლესობასაც საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენდა, ევროპული საქართველოს მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. დასკვნისა და რეკომენდაციების ძირითად ნაწილებს, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა, კომისიაზე ბოლო კვირის განმავლობაში ხმაურიანი დებატების ფონზე განიხილავდნენ. 

ვრცელ, 70-გვერდიან დოკუმენტს, რომელიც დაწვრილებით აღწერს კომისიის მუშაობას, მის შედეგებსა და საქმის გარემოებებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ლინკზე

3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გ.ჯ დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნო, სხვა, დაუდგენელ პირთან ერთად. მას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირდა - პირველი ინსტანციის სასამართლომ ის დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში ცნო დამნაშავედ. 

საქმის კიდევ ერთი მონაწილე გ.ბ კი, სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში უდანაშაულოდ ცნო. მეორე ინსტანციის სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა, ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის სასჯელი დაუმძიმა და მასაც 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სანდოდ არ მიიჩნია მიხეილ კალანდიას ჩვენება, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გ.ბ დამნაშავეა დავით სარალიძის მკვლელობაში.

კომენტარები