ეკონომიკის სამინისტრო

"თურნავა საქმის კურსში არ ჩამიყენებია" - სსიპ-ის ყოფილი უფროსი პირველ კომენტარს აკეთებს

TV პირველი

მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გრიგოლ კაკაურიძემ, რომელიც დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გაათავისუფლა, პირველი კომენტარი გააკეთა. 

მისი თქმით,"ეიპიემ ტერმინალსისთვის" მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო და მინისტრმა ამის შესახებ არ იცოდა.

"მინდა დავადასტურო, რომ "ეიპიემ ტერმინალსისთვის" მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების თაობაზე გადაწყვეტილება ნამდვილად ჩემ მიერ იქნა მიღებული; ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნვა, უშუალოდ მე არ ჩამიყენებია საქმის კურსში. იყო გარკვეული ხარვეზები ბრძანებაში, ამას ვადასტურებ და დღეის მდგომარეობით, ეს ბრძანება ძალადაკარგულად არის გამოცხადებული. ეს იყო ჩემი კომენტარი",- თქვა კაკაურიძემ და ჟურნალისტების სხვა კითხვებს არ უპასუხა. 

29 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაამტკიცა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, "პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია."

ამას მალევე მოჰყვა ანაკლიის კონსორციუმის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საფრთხის ქვეშ დგებოდა. კონსორციუმის ცნობით, მთავრობამ მათ დაუმალა, რომ ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა. 

30 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გააუქმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება, რომელიც ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებს ამტკიცებდა. მისი თქმით, საკითხი შეთანხმებული მთავრობის არცერთ წევრთან, მისი ჩათვლით, არ ყოფილა და თანამდებობიდან გაათავისუფლა სააგენტოს უფროსი.

კომენტარები