ეკონომიკის სამინისტრო

BMG: TV იმედის წამყვანი აბაშიშვილი ეკონომიკის სამინისტროს ანაზღაურებადი კონსულტანტი გახდა

გიორგი აბაშიშვილი და მარიამ ქვრივიშვილი
Business Insider Georgia 

სამთავრობო ტელეკომპანია იმედის წამყვანი და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკის სამინისტროს ანაზღაურებადი კონსულტანტი გახდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს.

მედიის ცნობით, ის ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს "სამინისტროსთან დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაციის ჩარჩოს შემუშავებაში" დაეხმარება.

"გაცნობებთ, რომ შემხვედრი საჭიროებებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, მიზანშეწონილად მიიჩნია, სამინისტროსთან დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაციის ჩარჩოს შემუშავების, ანალიტიკური მიმართულების გაძლიერების, კერძო სექტორთან, აკადემიურ და ბიზნესწრეებთან თემატური სტრატეგიული მართვის ხელშეწყობის და გაუმჯობესების მიზნით, განეხორციელებინა შესაბამისი სპეციალისტის მომსახურების შეძენა, რომელიც აქტიურად იქნებოდა დაკავშირებული სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებებთან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა გიორგი აბაშიშვილთან, მითითებულ სფეროში მისი ცოდნის და სათანადო გამოცდილების გათვალისწინებით" - წერია მარიამ ქვრივიშვილის უწყების მიერ BMG-ისთის გაგზავნილ წერილობით პასუხში.

მედია წერს, რომ უწყებისგან პასუხის მისაღებას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა დასჭირდათ.

კომენტარები