თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

reginfo,ge

პარლამენტმა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 30-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა. დადგენილების მისაღებად 50 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 5 ადამიანი დააკავეს. ერთერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

უკვე ერთი წელია, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი უწყვეტ აქციებს მართავს მოთხოვნით, გამოიძიონ მისი შვილის საქმე. სწორედ ერთერთ აქციაზე, 2018 წლის მაისში მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მასა და კიდევ 100 ადამიანს ფიცი ჰქონდა დადებული, რომლის თანახმადაც, მათ სუს-ის შენობაში თავები უნდა აეფეთქებინათ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით მათ 1 ივნისს გამოძიება დაიწყეს. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, 7 მაისს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მაჩალიკაშვილი უწყებამ ტერორისტული აქტის გზით რამდენიმე პირის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. 

უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 10 მაისს სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა, სადაც მას მოწმის სტატუსით 7 საათზე მეტხანს კითხავდნენ. გამოკითხვიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, სადაც საუბარი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს და ქართული თარგმანის ტიტრები ადევს, თარგმანის ხარვეზები აქვს. 

კომენტარები