შუალედური არჩევნები

"ვფიქრობ, მთაწმინდაზე მოსალოდნელი არის მეორე ტური," - შავგულიძის შემაჯამებელი კომენტარი

თავისუფალი დემოკრატებისა და ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე ამბობს, რომ მთაწმინდის ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური. შავგულიძე ასევე აღნიშნავს, რომ ამომრჩეველი პასიური პროტესტის ფორმას მიმართავს და აქტივობა არც ისე მაღალი იყო. შავგულიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა დაუშვებელი მეთოდი გამოიყენა წინასაარჩევნო პერიოდში. 

"ხელისუფლება დაადგა იმ გზას, რომ ნებისმიერ ფასად მიაღწიოს არჩევნებში წარმატებას და იყენებს ისეთ დაუშვებელ მეთოდებს, როგორიც არის ძალადობა, დაშინება, მუქარა და პირდაპირ ცემა-ტყეპა, არის ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ცილისმწამებლური შავი პიარის გამოყენება. ასეთი მიდგომა აშკარად გამოავლინა ხელისუფლებამ უკვე განვლილი საპრეზიდენტო არჩევნების დროს და ამიტომ მიიღო ნეგატიური შეფასებები საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. იგივე ვნახეთ ამ შუალედური არჩევნების მთელი ამ კამპანიის პერიოდში. ხელისუფლების ასეთი მიდგომის მიმართ ამომრჩევლის რეაქცია იყო ის, რომ გაუჩნდა პასიური პროტესტი. რადგან ამომრჩეველი მაინცდამაინც მაღალი აქტიურობით არ მოვიდა არჩევნებზე. მინდა მივმართო ამომრჩეველს, რომ პასიური პროტესტი არ არის საკმარისი ხელისუფლების შესაცვლელად. ეს აძლევს ხელს ხელისუფლებას რადგან ეს მისგან კონტროლირებულ ამომრჩეველს მაინც მიიყვანს. ხოლო ამომრცეველი რომლეიც აღარ ენდობა ხელისფულებას ის თუ პასიური პროტესტის პოზიციაში დარჩება, გაახანგრძლივებს იმ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნას, რომლის მიმართ პროტესტი აქვს ამომრჩეველს, მაგრამ ჯერ როგორც ვხედავთ უფრო პასიური ფორმის ვიდრე აქტიური. მე ვფიქრობ მთაწმინდაზე არის მოსალოდნელი მეორე ტური, თუმცა დაველოდოთ დათვლას, ჩვენი ვალდებულებაა რომ არ დაიკარგოს ხმები. იმედი მაქვს რომ მოხერხდება მეტნაკლებად მაინც ამომრჩევლის ხმების ობიექტურად დათვლა,"  -ამბობს შავგულიძე.

მაჟორიტარობის კანდიდატმა უბანზე მისულ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და მომავალ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა. 

დღეს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო.

კომენტარები