შუალედური არჩევნები

თალაკვაძე: ენმ დაძაბულობისკენ და პროვოკაციებისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს

"ყველა მონაცემით, რომელივ ჩვენ გვაქვს კარდაკარით და შიდა კვლევებით, ჩვენი კანდიდატი გეგა შენგელია უპირატესობას ფლობს," - ქართული ოცნების ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღეს ბრიფინგი გამართა. თალაკვაძე მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისა და აქტიურობისკენ მოუწოდებს, რათა შენგელიამ პირველივე ტურში გაიმარჯვოს. თალაკვაძე ამბობს, რომ ენმ და სხვა პარტიები პროვოკაციის მოსაწყობად ემზადებიან. 

"ჩვენი ინფორმაციით ნაციონალურ მოძრაობას და მასთან დაკავშირებულ სატელიტ პარტიებს აქვთ იგივე მონაცემები, მათაც იციან რომ ქართული ოცნების კანდიდატი ფლობს უპირატესობას, ამით აიხსნება ის, რომ ამ ბოლო დღეების განმავლობაში მათი კამპანია შეიცვალა აგრესიით, პროვოკაციებით და მცდელობებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს არაერთ უბანზე. ისინი ემზადებიან ასეთი არეულობისთვის, მათ ყავთ მობილიზებული სხვადსხვა ორგანიზაციების საფარქვეშ, რომელთა ნაწილი ახალ დარეგისტრირებულია და თუ ნახავთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან მოწოდებულ ინფორმაციას, იქ არის მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში არ არიან შემდგარი არასამთავრო ორგანიზაციები და მედია ორგანიზაციები, მაგალითად ასეთები არიან ჩამონათვალში ორგანიზაცია, ,,აპრიორი“, ,,პოლიტიკოსთა სამართლის ობსერვატორია“, მედიაპლატფორმა და მედია კომპანია ,,სის პოპი“ და სხვა ახალი სახელები, რომლებიც მაღალი ალბათობით სპეციალურად ზუგდიდის არჩევნებისთვის არის შექმნილი და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებულთა უმრავლესობას ხვალ არჩევნებზე ექნება ზონდერის და პროვოკაციების მოწყობის ფუნქცია," - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძე ასევე აღნიშნავს, რომ ყველა დარღვევაზე სამართლებრივი რეაგირება იქნება და ყველა მოქალაქის არჩევანი დაცული. თალაკვაძე ამბობს, რომ ენმ-მ იცის რომ კვლევებით შენგელიას აქვს უპირატესობა, თუმცა გაყალბებული შედეგები გამოაქვეყნეს. 

"მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამ კვლევაში არ საუბრობენ ქართული ოცნების კანდიდატის და ზოგადად კანდიდატების რეიტინგზე ზუგდიდის არჩევნებში, რაც კიდევ ერთხელ აჩენს საფუძვლიან ეჭვს რომ მათაც აქვთ მონაცემები, რომ ქართული ოცნების კანდიდატი გეგა შენგელია ფლობს დამაჯერებელ უპირატესობას და მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვოს. მიუხედავად იმისა რომ გადაკეთებული მონაცემები გამოაქვეყნეს ამ მათ მიერ ჩატარებულ კვლევაშიც კი ბოლომდე მათ ვერ დამალეს რომ ქართულ ოცნებას აქვს უპირატესობა და ეს ჩანს ამ კვლევაში. როგორც გითხარით, ჩვენ წინა დღეებში გვქონდა უკვე ეს მონაცემები და სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ნაციონალური მოძრაობა დაძაბულობისკენ და პროვოკაციებისკენ მოუწოდებს მხარდამჭერებს და მათი რეალური მიზანი პირველი მთავარი მიზანი არის არჩევნების დისკრედიტაცია და მისი ჩაშლაც კი, თუ შედეგები იქნება მათთვის, მათი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის მიუღებელი," - ამბობს თალაკვაძე.

ხვალ, 19 მაისს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართება. 

კომენტარები