ბრექსითი

ჯერემი კორბინი: მეიმ კლოპისგან უნდა აიღოს რჩევა, როგორ მიაღწიოს ევროპაში წარმატებას

ოთხშაბათს, 8 მაისს ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის და ოპოზიციის ლიდერმა ჯერემი კორბინმა ტერეზა მეის პრემიერ მინისტრის შეკითხვებისას მოუწოდა, რომ ევროპაში სასურველი შედეგების მისაღწევად რჩევა ლივერპულის მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ჰკითხოს.

"გუშინდელი საღამოს ლივერპულის შესანიშნავი თამაშის შემხედვარეს, პრემიერ მინისტრს შეეძლო იურგენ კლოპისგან აეღო რჩევა, როგორ მიიღოს კარგი შედეგები ევროპაში." - თქვა ოპოზიციის ლიდერმა.

ტერეზა მეიმ ოპონენტს უპასუხა, რომ ლივერპულის ბარსელონასთან გამარჯვება ბრიტანელ პოლიტიკოსებს მოტივაციას უნდა აძლევდეს:

"მე მგონია, რომ თუ შევხედავთ, როგორ დაამარცხა ლივერპულმა გუშინ ბარსელონა, დავინახავთ, რომ მაშინაც კი, როცა ყველა გეუბნება, თითქოს ყველაფერი დასრულდა, ევროპელმა ოპონენტებმა დაგამარცხეს, დრო იწურება და დამარცხება უნდა აღიარო, მაინც შეგიძლია წარმატებას მიაღწიო, თუ ერთობლივი ძალისხმევით ყველანი მოვინდომებთ." - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ კანონით, გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა რადგანაც ლონდონი და ბრიუსელი გასვლის პირობებზე ვერ შეთანხმდა, აპრილის პირველ ნახევარში ევროკავშირის ლიდერები ბრექსითის 31 ოქტომბრამდე გადადებას დათანხმდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოში მაისის ბოლოს ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდება.

თავად ტერეზა მეიმ უკვე დაადასტურა, რომ თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგება, თუმცა უცნობია, კონკრეტულად როდის.

კომენტარები