Facebook

50 წელიწადში შესაძლოა გარდაცვლილი ადამიანების Facebook ანგარიშები ცოცხლებისაზე მეტი იყოს

Reuters

აკადემიურ ჟურნალ Big Data & Society-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თუ Facebook-ი ამჟამინდელი ტემპით განაგრძობს ზრდას, 50 წელიწადში სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ადამიანების ანგარიშების რიცხვი ცოცხლებისას გადააჭარბებს.

ამ ტემპით, 2100 წლისთვის Facebook-ზე მილიარდზე მეტი გარდაცვლილი ადამიანის ანგარიში იქნება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა Facebook-ის სამომავლო ზრდის გამოსაკვლევად ორი უკიდურესი სცენარი განიხილეს: ერთ შემთხვევაში თუ Facebook-ს 2018 წლის შემდეგ ახალი მომხმარებლები არ დაემატებოდა, მეორე შემთხვევაში კი ზრდა ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდებოდა.

ამ ტემპით, Facebook-ზე 2100 წლისთვის 4.9 მილიარდი ადამიანი იქნება. 2019 წლის მარტის მდგომარეობით, სოციალურ ქსელს 1.56 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ყავს.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ეს სტატისტიკა ბადებს კითხვებს იმის შესახებ, თუ ვის ექნება უფლება დაგროვილ ინფორმაციაზე და როგორ უნდა მართონ ის. კარლ ომანის, კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, ეს ჩვენი ციფრული მემკვიდრეობა გახდება.

ცოტა ხნის წინ, Facebook-მა წარადგინა ახალი სექცია, სადაც მომხმარებლები თავიანთი გარდაცვლილი მეგობრების ანგარიშებს ნახულობენ. გარდა ამისა, სოციალური ქსელი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს შეარჩიონ ისეთი მეგობრები, ვისაც თავისი გარდაცვალების შემდეგ საკუთარ ანგარიშზე გადასცემს წვდომას. შემდგომში, შესაძლებელი იქნება ანგარიშის დაკეტვა ან წაშლა.

კომენტარები