ე.წ ქურდული სამყარო

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

საია

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ბრალდებულებს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულები ზესტაფონში ერთერთ მცირე მეწარმეს აიძულებდნენ მიეღო „კანონიერი ქურდის“ მფარველობა და სანაცვლოდ მოგების 30 პროცენტს სთხოვდნენ. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხ.ს., მ.ბ. და თ.კ. აღიარებენ რა „ქურდულ სამყაროს“, აქტიურად მონაწილეობდნენ მის საქმიანობაში და თავისი ქმედებებით „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოხატავდნენ. 2018 წლის მაისში აღნიშნული პირები, მათი კრიმინალური გავლენის და „კანონიერი ქურდის“ სახელის გამოყენებით, ქ.ზესტაფონში ერთ-ერთ მეწარმეს აიძულებდნენ მიეღო „კანონიერი ქურდის“ მფარველობა სამეწარმეო საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის, რის სანაცვლოდაც მოგებიდან 30%-იანი წილი „კანონიერი ქურდის“ ოჯახისა და ახლობლებისთვის უნდა დაეთმო ან მათთვის სისტემატურად გარკვეული თანხა გადაეხადა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულის შესახებ იცოდა ა.ბ.-მ, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა," - წერია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა მ.ბ., თ.კ. და ა.ბ. 2018 წლის 7 ივნისს, ხოლო ხ.ს. 2018 წლის 12 დეკემბერს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ხ.ს.-ს, მ.ბ.-ს და თ.კ.-ს სასჯელის სახედ და ზომად, თითოეულს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლება აღკვეთა, ხოლო ა.ბ.-ს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით განუსაზღვრა.

კომენტარები