ლევან ჯიბღაშვილის საქმე

ლევან ჯიბღაშვილი: ჩემამდე და ჩემ მერეც ძალიან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს იგივე თანხით

პირველი არხი

მსახიობმა ლევან ჯიბღაშვილმა, დაკავებასთან და შემდეგ გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ის ერთადერთი ნარკოდანაშაულში ბრალდებული არ არის, ვინც 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

"ყველა შევიდეს ჩემს მდგომარეობაში, არ მინდა რომ ისე მოხდეს, რომ სხვები მიდიან ციხეში და მე გამათავისუფლეს. ჩემამდე და ჩემ მერეც ძალიან ბევრი ადამიანი გაათავისუფლეს იგივე მუხლით, იგივე თანხით და უფრო ნაკლები თანხითაც. ანუ, მე არ ვყოფილვარ ერთადერთი მოვლენა და შემთხვევა დღევანდელ სამყაროში, ვიზეც გაფორმდა გირაოს შეთანხმება, ნახონ ეს არის სტატისტიკა. რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ სხვა რიგითი ადამიანებიც, როგორც მე გამოვედი გარეთ, ვიღაცები შეიძლება სხედან, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა ნასამართლევი იყო, არ ვიცი, მე სხვის კომპეტენციაში ვერ შევალ.

ყველაზე მეტად გული რაზე მტკიოდა ჩემს ადვოკატებს ვესაუბრებოდი, იმიტომ რომ საზოგადოებისგან აგრესია რომ წამოვიდა, პირველი კითხვა დავუსვი ჩემს ადვოკატებს, რომ თუ მე ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებულია იგივე მუხლით და სხვა ყველა შემთხვევაში ადამიანები არიან ციხეში, მაშინ ჩემი ფეხით წავალ მე იქ. და მითხრეს, რომ ასე არ არის, კანონიერად და სამართლებრივად პროკურატურასა და სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება, რომ შენ სამართლებრივად ჩაესვი ციხეში, ანუ მათ ეს მითხრეს", - თქვა ლევან ჯიბღაშვილმა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ლევან ჯიბღაშვილი 23 აპრილს 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაკავებულისთვის აღკვეთის სახით არასაპატიმრო ღონისძიების შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. 

საქართველოს პროკურატურამ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით" განმარტა, რატომ მოითხოვა მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება.

"როცა საქმე ნარკოტიკის გასაღებას არ ეხება და ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, გირაოს ვითხოვთ",- აცხადებენ უწყებაში. 

ლევან ჯიბღაშვილსბრალი 260-ე მუხლის I და III ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ედება (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა). ბრალდება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, მსახიობს 0.5659 გრამი კოკაინი, 0.1921 გრამი ექსტაზი (MDMA) და მცირე ოდენობით მარიხუანა ჰქონდა.

კომენტარები