კობახიძის კანონპროექტი

ჩიტიძე: ვენეციის კომისია შავით თეთრზე წერს, რომ კობახიძის კანონპროექტი არ ვარგა

გიორგი ჩიტიძე
რადიო თავისუფლება

კონსტიტუციონალისტი გიორგი ჩიტიძე ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას აფასებს, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, მიერ მომზადებული კანონპროექტია გაკრიტიკებული მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით. 

გიორგი ჩიტიძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა ყველა ის საკითხი, რასაც სამოქალაქო სექტორისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები აყენებდნენ. 

"ყველა ეს საკითხი გათვალისწინებულია და ყველა კრიტიკული ხარვეზი, რაც ამ კანონმდებლობას ჰქონდა, ვენეციის კომისიის მიერაც არის გაზიარებული. თუ გავყვებით ვენეციის კომისიის დასკვნას, კანონპროექტი თავიდან არის გადასაწერი პრაქტიკულად ყველა ასპექტში. არის სამართლებრივი ძირითადად შეფასებები, მაგრამ არის ასევე მნიშვნელოვანი კონტექსტისა და სიტუაციის შეფასება, რაც საქართველოში გვაქვს,"- ამბობს ჩიტიძე. 

კონსტიტუციონალისტის შეფასებით, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც დასკვნიდან იკითხება, 20-ვე მოსამართლის უმრავლესობის მიერ ერთდროულად დანიშვნას ეხება. 

"ვენეციის კომისია უბრალოდ გაოგნებულია, როგორ შეიძლება ასე ერთჯერადად, ერთი პროცედურით, ერთი საპარლამენტო უმრავლესობით დააკომპლექტო მთლიანად უზენაესი სასამართლო. სიმართლე გითხრათ, ასეთ კრიტიკულ დასკვნას ჩვენც კი არ ველოდით

ვენეციის კომისია თავდაპირველად უთითებს ძალიან ნათლად, რომ უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცედურა არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამას სახელმწიფო ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოს. პრაქტკულად ერთი გუნდი აპირებს, რომ 20-30 წლით აირჩიოს მოსამართლეები და შანსია აღარ დატოვოს, რომ სხვა ვითარებაში, სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა იმსჯელონ ამ საკითხზე და პირდაპირი რეკომენდაციაა, რომ ეს არ გააკეთონ,"- ამბობს გიორგი ჩიტიძე.

ჩიტიძის თქმით, ფაქტია, რომ ვენეციის კომისიამ გაიზიარა ყველა ის წუხილი, რაც ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადვოკატთა ასოციაციას, სახალდო დამცველსა და პოლიტიკურ პარტიებს. 

"ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ რამდენიმე დღეში იქნება ოდირის დასკვნა, რომელიც სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე მომზადდება და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ის დასკვნა თანაბრად კრიტიკული იქნება, თუ უფრო კრიტიკული არა. ამიტომ, კიდევ ერთი ევროპული ინსტიტუტის შეფასება დაემატება,"- ამბობს ჩიტიძე. 

მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს, მოუწოდებდნენ, ვენეციის კომისიის დასკვნამდე კობახიძის კანონპროექტი კომიტეტზე არ განხილულიყო, ოხანაშვილმა არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი პროტესტი და 15 აპრილს კანონპროექტს კენჭი უყარეს და მხარიც დაუჭირეს

რა წერია "კობახიძის კანონპროექტში", ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები