დაიცავი საქართველო

"ქართული ოცნება ჩვენს ოცნებებს ვეღარ პასუხობს" - "დაიცავი საქართველოს" შეკრება ფილარმონიაში

"ქართული ოცნების" ყოფილმა მხარდამჭერმა, დავით მაღრაძემ ფილარმონიაში მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" პრეზენტაცია გამართა.

მაღრაძემ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ქვეყანაში ახალ სამართალს გვთავაზობენ და მოძრაობის განზრახვაა "ხვალინდელი დღე გავათავისუფლოთ ამ ორპოლუსიანი დახუთულობისგან".

"შეშფოთებულმა იმით, რომ ქართული ოცნება ჩვენს ოცნებებს ვეღარ პასუხობს, ასე ჩამოყალიბდა ჩვენი ამოცანა - ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დრეს ხელმძღვანელობს ჩვენს ქვეყანას, ისეთნაირად გავუსვათ ხელისუფლებიდან, რომ არ დავაბრუნოთ ის პარტია, რომელმაც ძალიან დიდი განსაცდელი მოუვლინა საქართველოს. ჩვენი წადილი არ არის არავის დაბრუნება", - თქვა მან.

მაღრაძის განცხადებითვე, ადამიანებმა, ვისაც პოლიტიკური ბედ-იღბალი მიანდეთ, ვერ დაამარცხეს ნაციონალური მოძრაობა და ამასთან, არ იძლევიან დახმარების საშუალებას, რადგან მიაჩნიათ, რომ "ყველაფერი ყველაზე უკეთ იციან". პოეტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ ისეთი სახე მიიღო, "რომც გაიმარჯვონ, რატომ უნდა მოხდეს იდენტიფიკაცია და მეც რატომ უნდა ჩავთვალო გამარჯვებულად თავი, ეს არ ვიცი".

"ახალ სამართალს გვთავაზობენ ქვეყანაში, ახალი სამართლიანობის თეორიას, სადაც გირგვლიანის საქმეზე ბატონი მურუსიძე აღმოჩნდა ის, ვისითაც უნდა აღფრთოვანდეს საზოგადოება, შავგულიძე კი დამნაშავე ასეთი სამართალი ვერ დადგება ქვეყანაში, ამას არასდროს შეეგუება ქართული საზოგადოება", - თქვა მაღრაძემ.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ თბილისის საკრებულოს წევრები, რომლებმაც ქართული ოცნება რამდენიმე დღის წინ, 11 აპრილს დატოვეს - ვატო შაქარიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი. შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველი გუნდის ყოფილი წევრები პარლამენტიდანაც - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე, ლევან გოგიჩაიშვილი.

გარდა ამისა, "დაიცავი საქართველოს" შეკრებაზე მივიდნენ ბექა ნაცვლიშვილი, კობა ნარჩემაშვილი, ირაკლი ბათიაშვილი, დავით უსუფაშვილი, მამუკა არეშიძე, ხათუნა ლაგაზიძე, ლევან ლორთქიფანიძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც - გია გაჩეჩილაძე (უცნობი), დათო ხუჯაძე, ნინი ქარსელაძე და სხვები.

კომენტარები