ცენტრ პოინტის საქმე: მაია რჩეულიშვილს ე. წ. მიონის ეპიზოდზე 7 წელი მიესაჯა

მაია რჩეულიშვილს „ცენტრ პოინტის“ საქმის ე.წ მიონის ეპიზოდზე 7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ საქმეზე მასთან ერთად ბრალდებული იყო შპს. "დიღომი დისთრიქთ აფართმენთის" საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსი ქეთევან ჟორდანია, რომელსაც საპროცესო ჰქონდა გაფორმებული და 5 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

საქმე ეხება, „დიღომი დისთრიქთ აფართმენთის“ მშენებარე ობიექტების მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი ებანოიძემ დღეს გამოაცხადა. პროცესს ბრალდებულები არ ესწრებოდნენ.

ბრალდება რჩეულიშვილს 2017 წლის თებერვალში წარუდგინეს, გამოძიება მას, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას ედავებოდა. საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ განაჩენი უკანონოა და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი ტაბულასთან საუბრისას ამბობს, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე და სამოქალაქო სამართლებრივი დავა და უნდა განხილულიყო, სამოქალაქო წესით. 

"საქმე ერთი სამართლებრივი სივრციდან უნდა გადასულიყო მეორეში. დაზარალებულებს სარჩელით უნდა მიემართათ თუ არ ეთანხმებოდნენ ხელშეკრულებას, უნდა მოეთხოვათ ხელშეკრულების შეწყვეტა და მიეღოთ თანხა და თუ ზარალი მიიღეს მოეთხოვათ ანაზღაურება. დანარჩენი ყველაფერი გამჭვირვალე იყო. თანხა ჩიარიცხა ანგარიშებზე და ამ ანგარიშების ბრუნვის კანონიერება წარვადგინეთ ჩვენ სასამართლოში," - ამბობს ადვოკატი. 

მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სულ სამი საქმე მიმდინარეობდა. ე.წ მიონის ეპიზოდის გარდა, რჩეულიშვილს ოთხი წელის აქვს მისჯილი რუსუდან კერვალიშვილთან ერთად. მათ ბრალი თაღლითობისა და თანხების მითვისების მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. გამოძიება მათ ამხანაგობა "თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარის მითვისებას ედავებოდა. ეს საქმე ადვოკატებმა სააპელაციოში გაასაჩივრეს და ჯერ არ დასრულებულა განხილვა. 

ასევე ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდი, რომელზეც მაია რჩეულიშვილი საკუთარ შვილთან გუკა რჩეულიშვილთან ერთად არის ბრალდებული, აქაც სასამართლო მათ თანხების მითვისებას და გაფლანგვას ედავება. საქმეზე განხილვა საქალაქო სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა. 

კომენტარები