ბრექსითი

ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერმა მეის ბრექსითის გეგმისთვის მესამედ კენჭისყრა გამორიცხა

ჯონ ბერკოუ
reuters

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ თქვა, რომ ცვლილებების შეტანის გარეშე პარლამენტი ტერეზა მეის ბრექსითის გეგმას ხელახლა ვერ განიხილავს.

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისათვის დაწესებულ ვადამდე 10 დღე რჩება. მას შემდეგ, რაც მეის გეგმა, რომელშიც პირველი მარცხის შემდეგ ცვლილებები შევიდა, პარლამენტში კიდევ ერთხელ ჩავარდა, პრემიერმინისტრს მისთვის მესამედ კენჭისყრაც სურდა, თუმცა პარლამენტის სპიკერმა ეს გამორიცხა, თუ გეგმაში საგრძნობი ცვლილებები არ შევა.

ამ გადაწყვეტილების არგუმენტად მან 1604 წლის კონვენცია მოიყვანა, რომელშიც ნახსენებია, რომ წამოყენებულ წინადადებას, რომელიც ჩავარდება, საპარლამენტო სესიის დროს იმავე ფორმით ხელახლა ვეღარ წამოაყენებ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ტერეზა მეის ბრექსითის გეგმის კიდევ ერთხელ ჩავარდნის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა. ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 29 მარტის შეცვლის მომხრე 412 პარლამენტარი იყო, ხოლო წინააღმდეგი 202.

ევროკავშირის დატოვების შესახებ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა კი ჩავარდა. მას მხარი მხოლოდ 85-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 334 იყო.

კომენტარები