ბრექსითი

ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა

Reuters

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის ვადის გადაწევას მხარი დაუჭირა. ევროკავშირის დატოვების საბოლოო თარიღად 29 მარტის შეცვლის მომხრე 412 პარლამენტარი იყო, ხოლო წინააღმდეგი 202.

იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთი გასვლის შესახებ შეთანხმებას 20 მარტამდე მიაღწევს, გასვლის გადადებას მცირე ხნით მოითხოვენ, ხოლო თუ შეთანხმების მიღწევა კვლავ ვერ მოხერხდება ბრიტანეთი ევროკავშირს სთხოვს ბრექსითის უფრო ხანგრძლივი დროით გადადოს. ამის თაობაზე ევროკავშირში აზრი გაყოფილია, განსაკუთრებით კი ევროპის პარლამენტის მოახლოებული არჩევნების გამო.

ტერეზა მეის გეგმას, რომელმაც ორი მარცხი უკვე განიცადა, ხელახლა მომდევნო კვირას განიხილავენ.

ევროკავშირის დატოვების შესახებ ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივა კი ჩავარდა. მას მხარი მხოლოდ 85-მა პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 334 იყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას პრემიერმინისტრ ტერეზა მეის ბრექსითის შეთანხმებამ პარლამენტში კიდევ ერთი მარცხის განიცადა. მეის მიერ შემოთავაზებულ შეთანხმებას 242-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგი 391 იყო.

კენჭისყრამდე, ტერეზა მეიმ გრიმსბიში გამოსვლისას თქვა, რომ თუ პარლამენტარები მის ბრექსითის შეთავაზებს მხარს არ დაუჭერენ, შესაძლოა ბრიტანეთმა ევროკავშირი ვერასოდეს დატოვოს.

მის მიერ მიღწეულმა ბრექსითის შეთანხმებამ გასული წლის დეკემბერში პარლამენტში ისტორიული მარცხი განიცადა, ტერეზა მეიმ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გააგრძელა.

პარალელურად, ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის გარეთ, სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს შეამცირებს და მიიღებს ზომებს, რათა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარზე, შეთანხმების გარეშე გასვლის შემთხვევაში, მყარი საზღვარის გაჩენა აიცილონ თავიდან.

კომენტარები