ნარკოდანაშაული

შსს: ორმა პირმა ველოსიპედში 268 აბი სუბუტექსი მოათავსა და იტალიიდან ფოსტით გამოაგზავნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 2 პირი რომლებმაც ველოსიპედში 268 აბი სუბუტექსი მოათავსეს და იტალიიდან ფოსტით გამოაგზავნეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, იტალიაში ველოსიპედი შეიძინეს, მასში სპეციალურად მოწყობილ სამალავში ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ მოათავსეს და ფოსტის მეშვეობით საქართველოში გამოგზავნეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.კ.-ს დაკავებისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ფოსტიდან ახლად გამოტანილი ველოსიპედი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 268 აბი და 10 ნატეხი იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას გულისხმობს." - წერია შსს-ს განცხადებაში. 

ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული გ.ვ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალების 274 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები