აშშ

ტრამპის თქმით ამერიკელ ქალს, რომელიც ISIS-ს შეუერთდა აშშ-ში დაბრუნების უფლებას არ მისცემენ

AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამერიკელ ქალს, რომელიც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა ქვეყანაში დაბრუნების უფლებას არ მისცემენ.

"მე ინსტრუქცია მივეცი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ის ბოლომდე მეთანხმება, რომ ჰოდა მუსანა ქვეყანაში დაბრუნების უფლება არ უნდა მიეცეს!" დაწერა მან ტვიტერზე.

 

24 წლის ჰოდა მუსანა ალაბამაში გაიზარდა. მისი მამა იემენელი დიპლომატი იყო. ჰოდა სირიაში 20 წლის ასაკში წავიდა. მან ოჯახს უთხრა, რომ თურქეთში საუნივერსიტეტო ღონისძიებაზე მიდიოდა. ტერორისტულ ორგანიზაციაში ყოფნისას ის ჯიჰადისტზე სამჯერ დაქორწინდა. ამჟამად ჰოდა 18 თვის ბავშვთან ერთად ჩრილოეთ სირიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკშია. ის ამბობს, რომ სირიაში წასვლას ნანობს და იმედი აქვს, რომ ამერიკა მას საფრთხედ არ აღიქვამს.

მაიკ პომპეოს თქმით მუსანა აშშ-ის მოქალაქე არ არის და შესაბამისად ქვეყანაში დაბრუნების არავითარი უფლება არ აქვს. მუსანამ აშშ-ის პასპორტი თურქეთში წასვლამდე მიიღო, სირიაში ჩასვლის შემდეგ კი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის და კიდევ რამდენიმე ქალი თავიანთ პასპორტებს წვავენ.

აშშ-ში მომუშავე დიპლომატების შვილები ქვეყნის მოქალაქეები დაბადებისთანავე ავტომატურად არ ხდებიან, თუმცა მუსანას ადვოკატი ამბობს, რომ ჰოდას დაბადებისას მისი მამა დიპლომატიურ სამსახურში აღარ იმყოფებოდა და შესაბამისად ის ქვეყნის მოქალაქედ უნდა ჩაითვალოს და დაბრუნების უფლება მისცენ.

ჰოდა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტებისთვისაც მოიხადა ბოდიში, რომლებშიც ტერორისტული ჯგუფის პოპულარიზაციას ცდილობდა და ამერიკელებს მოუწოდებდა მისი წევრები გამხდარიყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი სიტუაციაა ბრიტანეთშიც, სადაც 19 წლის შამიმა ბეგუმს, რომელიც ტერორისტრულ ორგანიზაციას 15 წლის ასაკში შეუერთდა და ამჟამად ახალშობილთან ერთად ასევე ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ლტოლვილთა ბანაკშია, მოქალაქეობა ჩამოართვეს.

დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთს და სხვა ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა უკან მიიღონ და გაასამართლონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 800-მდე წევრი, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფებასთან მებრძოლმა ძალებმა შეიპყრეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურმა თქვა, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო ამჟამად მხოლოდ 700 კვადრატულ მეტრს აკონტროლებს.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა ტერორისტული დაჯგუფების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ პატარა ქალაქ ბაღუზ ალ-ფავქანიზე შეტევა გასულ კვირას დაიწყეს.

ქალაქი ალყაშია მოქცეული, თუმცა შეტევა დროებით შეაჩერეს, რადგან ტერორისტული დაჯგუფების წევრები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებენ, მათ შორის საკუთარ ცოლებს და შვილებს. სირიის დემოკრატიული ძალები ცდილობენ გაათავისუფლონ ტერორისტული დაჯგუფების ტყვეებიც. უკანასკნელ დღეებში მათ 10 ტყვე დაიხსნეს.

არსებული ინფორმაციით ქალაქში 1,500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე და ტერორისტული დაჯგუფების 500-მდე მებრძოლია.

კომენტარები