დაპირისპირება ჭიდაობის ფედერაციაში

ლომჯარია დათუნაშვილზე: მარტო უპირისპირდება მთელ სისტემას და მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო

ეს ახალგაზრდა სპორტსმენი დღეს მარტო უპირისპირდება მთელ სისტემას და მინდა მას მხარდაჭერა გამოვუცხადო, ასევე ჩემს თანადგომას ვუცხადებ ყველა იმ სპორტსმენს, რომელიც შესაძლებელია უსამართლო და შერჩევით დამოკიდებულებას განიცდიდეს. ამასთან, არსებობს საფრთხე, რომ ზურას თამამი და მე ვფიქრობ, სწორი განცხადებების გამო, იგი შეიძლება მენეჯმენტის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი გახდეს.

ჭიდაობა სპორტის უმნიშვნელოვანესი დარგია ჩვენი ქვეყნისათვის. ქართველ მოჭიდავეებს უამრავი სიხარული და ბედნიერება აქვთ მონიჭებული ჩვენი მოქალაქეებისათვის და სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა გარკვეული არაფორმალური გავლენების გამო, ეს სპორტსმენები არ გახდნენ უსამართლო დამოკიდებულების მსხვერპლი და არ
შეწყვიტონ კარიერა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კაპიტანს ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალის დღეს სპორტის სასახლეში დაპირისპირებისას მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე ფიზიკურად გაუსწორდა. თვითმხილველის მიერ ტელეფონით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ გეგა გეგეშიძეს ხელში გარკვეული საგანი უჭირავს, რომელსაც მოჭიდავის მიმართულებით იქნევს, შემდეგ კი მუშტს ურტყამს. თავად გეგა გეგეშიძე დარტყმის ფაქტს უარყოფს და დაპირისპირების ფაქტს "უფრო შეხლა-შემოხლას" უწოდებს. მას სასამართლომ აღკვეთოს ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.

კომენტარები