იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მურუსიძე და ივანიშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ახლოს საპროტესტო პლაკატები გააკრეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ახლოს საპროტესტო პლაკატები გააკრეს. 

პლაკატზე მურუსიძე და ივანიშვილი არიან გამოსახულნი, სადაც უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს თემიდას მოკვეთილი თავი უჭირავს. 

შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების სია დეკემბერში გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანის სია საშემოდგომო სესიაზე უნდა განეხილა თუმცა საგაზაფხულო სესიისთის გადავადდა. სიას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა ეკა ბესელია და თქვა რომ ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. მოსამართლეების სია დაპირისპირების საგანი გახდა ქართულ ოცნებაში. წარდგენიდან რამდენიმე დღეში მოსამართლეებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს მიმართეს არ გააგრძელონ მათი კანდიდატურების განხილვა. 

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია გაიმართა. სამოქალაქო სექტორმა საბჭოს იმ წევრების გადადგომა მოითხოვა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ათ კაციან სიას. აქციის მონაწილეებმა სპეციალურ მანიფესტსაც მოაწერეს ხელი.

 

კომენტარები