ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

რა მოხდება, თუ რუსეთი დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას არ აღასრულებს

16 ხმით 1-ის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთის სახელმწიფოს ეთნიკური ქართველების დეპორტაციის საქმეზე 1 500 ქართველისთვის კომპენსაციის სახით 10 000 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

გადაწყვეტილება სასამართლომ 31 იანვარს გამოიტანა

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, წევრი სახელმწიფო ვალდებულია, აღასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. თბილისის დროით 14:30-დან, რუსეთის ფედერაციას 3 თვე აქვს იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს ეს თანხა გადაუხადოს. 

რამდენად რეალისტურია რუსეთის მხრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულება და რა მოხდება მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში? 

იურისტები ტაბულასთან საუბრისას განმარტავენ, რომ სამართლებრივად, გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ევალება. მინისტრთა კომიტეტი, თავის მხრივ, პოლიტიკური ორგანოა, რომელსაც გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში სახელმწიფოებზე ზემოქმედების ორი ბერკეტი აქვს - სახელმწიფოსთვის წევრის სტატუსის ან ევროსაბჭოს ორგანოებში ხმის უფლების შეჩერება ან მისი ევროსაბჭოდან გარიცხვა. 

იურისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი 3 თვის ვადაში არ შეასრულებს ვალდებულებას, მინისტრთა კაბინეტი სასამართლოს მიმართავს. თუკი სასამართლო დაადგენს, რომ სახელმწიფომ გადაწყვეტილება არ აღასრულა, მინისტრთა კომიტეტი, როგორც წესი, მოქმედებას დაიწყებს. 

იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს უკრაინაში, ყირიმში განხორციელებული აგრესიის გამო რუსეთს წევრი სახელმწიფოს სტატუსი ისედაც შეჩერებული აქვს, მინისტრთა კომიტეტს ერთადერთი ბერკეტი რჩება, აღასრულებინოს მას სასამართლო გადაწყვეტილება, რაც რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვაში მდგომარეობს. 

იურისტი გიორგი ჩიტიძე სიტუაციის ასეთ განვითარებას სკეპტიკურად უყურებს. ის ამბობს, რომ რუსეთის ახლანდელი მდგომარეობა ევროსაბჭოში კიდევ უფრო მეტად ამცირებს ამ გადაწყვეტილების აღსრულების შანსებს.  

"რუსეთს ახლა ევროსაბჭოში წევრის სტატუსი შეჩერებული აქვს, შესაბამისად, არათუ გადაიხდის დაკისრებულ სანქციას, არამედ ერთი ნაბიჯი აშორებს გარიცხვისგან, რაც თავის მხრივ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთს საწევრო შენატანი აღარ შეაქვს ევროსაბჭოში, ევროსაბჭოს თანამშრომლებს ამცირებენ, ანუ ფინანსურად ძალიან დაარტყა ევროსაბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებამაც კი და ისეთი გადაწყვეტილების მიღება ახლა, როგორიც არის გარიცხვა, ძალიან პოლიტიკურია. ამიტომაც, რეალური ბერკეტები არ გვაქვს, უბრალოდ, მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის სამართლებრივად, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, დაადგინა დარღვევაც და დააკისრა სანქციაც," - ამბობს ჩიტიძე ტაბულასთან საუბრისას. 

კითხვაზე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ სიტუაციაში, ჩიტიძე გვპასუხობს, რომ ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი ბერკეტი იმისათვის, რომ პარტნიორი ქვეყნების მხრიდან რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა მოხდეს. 

"ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მწვავედ დავაყენოთ ეს საკითხი,"- ამბობს ჩიტიძე. 

საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიის მნიშვნელობაზე საუბრობს იურისტი დავით ზედელაშვილიც:

"ევროპის საბჭოსთან რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების სიმწვავის გათვალისწინებით, საქართველოს დიდი დიპლომატიური ძალისხმევა მართებს მოცემული გადაწყვეტილების აღსრულების მისაღწევად. ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთი სამართლისა და წესებისადმი ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩევა, თუმცა როდესაც წესების უგულებელყოფას დიდი პოლიტიკური ფასი აქვს, რუსეთი ცდილობს ეს ფასი არ გადაიხადოს, მათ შორის, იმით, რომ "კანონმორჩილებით" დივიდენდები მიიწეროს. ეს უნდა გაითვალისწინონ ქართველმა დიპლომატებმა ამ გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. მხოლოდ ამ გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო ევროპის საბჭო, მაღალი ალბათობით, რუსეთს არ გარიცხავს ორგანიზაციიდან. თუმცა, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რუსეთის ევროპის საბჭოსთან ურთიერთობის სასწორზე ამ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხიც ბოლომდე იდოს". 

2006 წლის 27 სექტემბრიდან საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით 4 რუსი ოფიცრის დაკავების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ეთნიკური ქართველების მასობრივი დაკავების, დაპატიმრებისა და დეპორტაციის კამპანია დაიწყო. 2006 წლის ბოლოდან 2007 წლის იანვრამდე რუსეთიდან 4 600-ზე მეტი ქართველი გამოაძევეს. დეპორტირებულთა ნაწილი რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატვირთო თვითმფრინავით გამოუშვეს, ნაწილი - თვითონ დაბრუნდა.

კომენტარები