შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქის, ჯეკ შეფარდის საქართველოში დაკავების შესახებ ისაუბრა.
ვლადიმერ ბორცვაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დღესაც და მანამდეც ბრიტანულ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობდა.
"2019 წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით დიდ ბრიტანეთში გასამართლებული ჯეკ შეპარდი სავარაუდოდ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. მონაცემთა დამუშავებით დადგინდა, რომ ჯეკ შეპარდმა 2018 წლის მარტში გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როდესაც მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული არ იყო და არანაირი საფუძველი არ არსებობდა მისი დაკავებისთვის.
ქართული მხარის ინიციატივით და ბრიტანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობით, 2019 წლის 12 იანვარს, ჯეკ შეპარდის მიმართ გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა, რის შემდგომაც აქტიურად დაიგეგმა და ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ძებნილი პირის დაკავების მიზნით. ძებნის გამოცხადებიდან 10 დღეში, ჯეკ შეპარდი იძულებული გახდა გამოცხადებულიყო პოლიციაში, რადგან საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შემდეგ, ის ვეღარ გადაკვეთდა სახელმწიფო საზღვარს და ამავდროულად, მისი დაკავების მიზნით, ქართველი სამართალდამცველების მიერ ინტენსიურად მიმდინარეობდა ოპერატიული ღონისძიებები", - თქვა შსს-ს წარმომადგენელმა.
დიდი ბრიტანეთის ძებნილი მოქალაქე პოლიციას თბილისში გუშინ ჩაბარდა. 1987 წელს დაბადებული ჯეკ შეფარდი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად მივიდა. 31 წლის ბრიტანელი ლონდონის ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი გაუფრთხილებლობით ერთი პირის სიცოცხლის მოსპობის გამო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა





