რუსული დეზინფორმაცია

Facebook-მა რუსეთში შექმნილი 364 გვერდი და ანგარიში წაშალა, მათ შორის საქართველოსთვის გამიზნული

Facebook-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტმა 289 გვერდი და 75 ანგარიში წაშალა, რომლებიც კოორდინირებულ, არაავთენტურ მოქმედებაში იყვნენ შემჩნეულები.

FB-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი წერს, რომ დეპარტამენტმა ორი მანიპულაციური ქსელი გამოავლინა და ორივე მათგანი რუსეთშია შექმნილი. ნათანიელ გლეიჰერის ცნობით, მათგან ერთი ქსელი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა, მათ შორის, საქართველოსაც, ხოლო მეორე კი - სპეციფიკურად უკრაინაზე იყო მიმაგრებული. 

"ამ ორ მანიპულაციურ ქსელს შორის კავშირი ვერ ვიპოვეთ, თუმცა ისინი ერთსა და იმავე ტაქტიკას იყენებდნენ - ყალბი ანგარიშებით ქმნიდნენ ერთგვარ ქსელს, რომლითაც ადამიანები მათი იდენტობისა და საქმიანობის შესახებ შეცდომაში შეჰყავდათ,"- წერს გლეიჰერი. 

გლეიჰერის თქმით, Facebook მუდმივად მუშაობს მსგავსი ტიპის აქტივობების აღმოჩენასა და შეჩერებაზე, რადგან არ სურთ, რომ მათი სერვისი ადამიანებზე მანიპულაციისთვის იყოს გამოყენებული:

"ჩვენ ასეთ გვერდებსა და ანგარიშებს მათი ქმედებების გამო ვშლით და არა იმ შინაარსის, რასაც მათი პოსტები შეიცავს. ეს ადამიანები ერთმანეთთან კოორდინირებულად მუშაობდნენ და ყალბ ანგარიშებს იყენებდნენ, რათა საკუთარი იდენტობის შესახებ ეცრუათ".

364 გვერდი თუ ანგარიში, რომელიც Facebook-მა წაშალა, რუსეთში იყო დაარსებული და ოპერირებდა ბალტიისპირეთის, ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. FB გვერდების ადმინები და ადამიანები ყალბი ანგარიშების უკან, როგორც წესი, თავს ახალი ამბების დამოუკიდებელ სააგენტოდ ან ინტერეს ჯგუფად ასაღებდნენ ისეთ საყოველთაო თემებზე, როგორიცაა მაგალითად, ამინდი, მოგზაურობა, სპორტი, ეკონომიკა თუ პოლიტიკა. ასეთი გვერდები და ანგარიშები მოქმედებდა საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, რუმინეთში, ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, მოლდოვეთში, რუსეთსა და ყირგიზეთში. 

"მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთ იდენტობას მალავდნენ, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ეს გვერდები და ანგარიშები მოსკოვში დაფუძნებულ სააგენტო Sputnik-ის თანამშრომლებთან არის დაკავშირებული. გვერდებისა და ანგარიშების ნაწილი ანტი-NATO განწყობებს ავითარებდა," - წერია განცხადებაში.



Facebook-ის კიბერუსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, 790 000 ადამიანი წაშლილი 364 გვერდიდან მინიმუმ ერთს მაინც მიყვებოდა. ასევე, ცნობილია, რომ ამ გვერდებმა ფბ რეკლამებში საერთო ჯამში $135 000 დახარჯეს. თანხას ევროთი, რუბლითა და დოლარით იხდიდნენ. პირველი რეკლამა 2013 წლის ოქტომბერში გაეშვა, ბოლო კი - 2019 წლის იანვარში. დეპარტამენტის ინფორმაციით, მათ ჯერ ბოლომდე არ შეუსწავლიათ ამ ანგარიშებისა და გვერდების პოსტების შინაარსი. 

კომენტარები