რუსული დეზინფორმაცია

რუსეთი კვლავ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ ლუგარის ლაბორატორიას სამხედრო მიზნებით იყენებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ 17 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საქართველოში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ მოსკოვმა იცის ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პენტაგონი მაღალი რანგის წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში იმყოფებოდნენ იქ და საქართველოს მთავრობას შესთავაზეს კვლევების მასშტაბის გაფართოება. ამავდროულად, მხედველობაში უნდა გვქონდეს ამერიკელების მუშაობა საშიში დაავადებათა პათოგენური აგენტების შექმნაზე და მოდიფიკაციაზე, მათ შორის სამხედრო მიზნებით, მესამე მსოფლიოს ქვეყნების ლაბორატორიებში", - თქვა მან.

ზახაროვამ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებში აშშ ბიოტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ორგვარი დანიშნულების მქონე ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებს ქმნის. ზახაროვამ თქვა, რომ საკუთარ საზღვრებთან ახლოს რუსეთი მსგავს ქმედებას ვერ დაუშვებს.

ზახაროვას განცხადებას გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ვლადიმერ კონსტანტინიდმა თქვა, რომ ვირუსთან ბრძოლაში თანამშრომლობის ნაცვლად რუსეთი ცდილობს ჩრდილი მიაყენოს საერთო ფრონტის ხაზზე წარმატებით მოქმედ სტრუქტურას.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ლუგარი ლაბორატორია კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ კრემლისტური სააგენტოები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლაში ლუგარის ცენტრის როლი გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი და Covid-19 აშშ-ის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, რომელიც ამერიკამ სამხედროების გამოყენებით და ლუგარის ლაბორატორიის გავლით ხელოვნურად გაავრცელა.

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მთავარი საყრდენი სწორედ ლუგარის ლაბორატორიაა, რომელიც 2011 წელს აშშ-ის მხარდაჭერით გაიხსნა. 

ლაბორატორია შეისწავლის საქართველოში ბაქტერიებს, ამზადებს სპეციალისტებს, აქვს უნიკალური აპარატურა, რომლებსაც არამხოლოდ ლაბორატორიის თანამშრომლები იყენებენ, არამედ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები. ამასთან, ლუგარის ლაბორატორია არის მიკრობების ეროვნული კოლექციის საცავი და გამოავლენს და სწავლობს ახალ დაავადებებს. 

თუმცა, მის ამ ლაბორატორიის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდის მანქანა მისი დაარსების დღიდან მუშაობს. წარსულში რუსეთს გაუვრცელებია ყალბი ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში საიდუმლოდ ამზადებენ ბიოლოგიურ იარაღს, საშიშ ვირუსებს, რომლებსაც შემდგომ ავრცელებენ ქართველების განადგურების მიზნით, იყენებენ სახიფათო მწერების დივერსიული მიზნებისთვის და ა.შ.

დეზინფორმაციის გავრცელებაში აქტიურად არის ჩართული რუსული სამთავრობო მედია და მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. 

ტელეარხ "რასია 24"-ის ცნობით, 2018 წლის ოქტომბერში პუტინმა თქვა, რომ "ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევები უკავშირდება გენეტიკის სფეროში უკანასკნელ მიღწევებს და გულისხმობს ისეთი პრეპარატების შემუშავებას, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, მათი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით. რასია 24 ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ექსპერიმენტები უკვე ტარდება ძაღლებსა და ვირთხებზე და მათ მეორე-მესამე თაობაში უკვე კარდინალურად იცვლება თავდაპირველი სახე". 

იმავე წლის 25 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა თქვა, რომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.

მედიის განვითარების ფონდის მიერ მომზადებული მასალის მიხედვით მაშინ კრემლთან დაახლოებულ მედიაში ჯანდაცვის სამინისტროდან დოკუმენტაციამ გაჟონა, რაც ამ მედიამ სიმულაციებისთვის გამოიყენა. 

ერმაკოვის განცხადებას წინ უძღოდა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის, 11 სექტემბრის პრესკონფერენცია და დოკუმენტები, თითქოს თბილისში მდებარე "ლუგარის ლაბორატორიაში" ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ქმნიან; ასევე, ბულგარელი ჟურნალისტის, დილიანა გაიტანჯიევას 12 სექტემბრის სტატია სათაურით - “ამერიკელი დიპლომატები საიდუმლო სამხედრო პროგრამის ფარგლებში ადამიანის სისხლითა და პათოგენებით უკანონოდ ვაჭრობენ".

ამ შემთხვევაში, რუსულ მედიაში ლუგარის თემის “გაცოცხლება” ქრონოლოგიურად რუსეთის 2 მოქალაქის მიმართ ბრიტანეთის მთავრობის მიერ წაყენებულ ბრალდებებს ემთხვეოდა, რომელთაც 2018 წლის 4 მარტს სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის "ნოვიჩოკით" მოწამვლაში ედებათ ბრალი.

დღეისათვის რუსეთში ახალი კორონავირუსი 36,793 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 313, გამოჯანმრთელდა 3,057. ვირუსთან ბრძოლის საბაბით რუსეთის მთავრობა ახალ სისტემას ნერგავს, რომელიც მოქალაქეებზე თვალთვალის და მათი კონტროლის მეტ საშუალებას მისცემს.

13 მარტს მოსკოვში ახალი ვებ-გვერდი ამოქმედდა, სადაც მიმდინარე კვირაში უნდა გააქტიურდეს მოქალაქეებისათვის კარანტინის დროს გადაადგილების ნებართვის სისტემა, თუმცა საიტი მალევე გაითიშა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვებ-გვერდზე თავდასხმა ჰაკერებმა მოაწყვეს.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა "კონტროლის ჭკვიანი სისტემის" შესახებ გასულ თვეს გამოაცხადა, რაც სპეციალური საშვების გაცემას გულისხმობს. მოქალაქეებს ეს საშვები სახლების დასატოვებლად დასჭირდებათ. 

მოსკოვის ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, მერიის ვებ-გვერდზე დარეგისტრირდეს და მიუთითოს საცხოვრებელი ადგილი. სისტემა მათ QR კოდს მიანიჭებს, რაც სახლის დატოვების უფლებას განუსაზღვრავს. პოლიციის მოთხოვნის შემთხვევაში, მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, სწორედ ეს კოდი წარმოადგინონ.

ახალი შეზღუდვები არ შეეხება მათ, ვისაც სპეციალური საშვები იქნებათ, რომლებსაც, საჭიროების მიხედვით, მერია გასცემს.

მოსკოვში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი 29 მარტს ამოქმედდა. მოსახლეობას სახლების დატოვება მხოლოდ შემდეგი მიზეზების გამო შეუძლია: სამედიცინო დახმარების მიღება, სამსახურში წასვლა, უახლოეს მაღაზიაში ან აფთიაქში წასვლა, შინაური ცხოველის გასეირნება სახლიდან 100 მეტრის რადიუსში, ნაგვის გადაყრა.

გარდა ამისა, რუსეთი ქვეყანაში შემოღებული კარანტინის პირობებში მოსახლეობის გადაადგილების გასაკონტროლებლად სახის ამომცნობ ტექნოლოგიას იყენებს.

მოსკოვში სახის ამომცნობი, სათვალთვალო სისტემა მიმდინარე წელს დაინერგა და მას მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში კი, მოსკოვის პოლიციამ ამ სისტემის საშუალებით 200 ადამიანი კარანტინის ზომების დარღვევისათვის დაიჭირა და დააჯარიმა. რუსული მედიის ცნობით, ამ პირებიდან რამდენიმე გარეთ მხოლოდ ნახევარი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, როდესაც კამერამ დააფიქსირა.

ამჟამად რუსეთის დედაქალაქში არსებულ ამ სისტემაში 170,000 კამერაა ჩართული და კიდევ 9,000-ის დამატება იგეგმება.

გარდა ამისა, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, რუსეთის კომუნიკაციების სამინისტროს დაავალა, მთელი ქვეყნის მასშტაბით აემუშავებინათ სისტემა, რომელიც მობილური ოპერატორებისაგან კონკრეტული პირის ადგილმდებარეობის მონაცემებს მოიპოვებს. მონაცემები ანონიმური არ იქნება. ის ადგილობრივ სამართალდამცველებს გადაეგზავნებათ, რათა შესაძლო ინფიცირებული პირი კარანტინში გადაიყვანონ.

გარდა ამისა, პუტინმა მინისტრებს მიმართა და თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების "ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ" კორონავირუსთან ბრძოლაში.

რუსეთში მოქმედ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ეს ტექნოლოგიები, შესაძლოა, მომავალში კრემლმა მოსახლეობაზე სათვალთვალოდ გამოიყენოს.

კომენტარები