რუსული დეზინფორმაცია

ISFED: კრემლის 10 დეზინფორმაცია COVID-19-ის შესახებ საქართველოში

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში რუსული დეზინფორმაცია იკვლია.

საქართველოში და დასავლეთის სახელმწიფოებში კორონავიურუსული ინფექციის COVID-19 -ის პანდემიას თან სდევს დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის მიზნით წარმოებული საინფორმაციო მანიპულაციების მძლავრი კამპანია სოციალურ მედიაში. მსოფლიო კრიზისის კვალდაკვალ საქართველოში გააქტიურებული რუსული დეზინფორმაციის კამპანია ცდილობს არსებული რეალობის გაყალბებას, საქართველოს დასავლეთისგან დისტანცირების საჭიროების წარმოჩენას, შენიღბულად ესხმის თავს დემოკრატულ ინსტიტუტებს, ცდილობს საზოგადოების დახლეჩვას და ხელოვნურად ინსპირირებული თემებისთვის სოციალურ მედიაში ხილვადობის გაზრდას ხელოვნური ინტერაქციის გამოყენებით.

საგულისხმოა, რომ პირისპირ კომუნიკაციის იძულებითი ნაკლებობის ფონზე ადამიანები სოციალურ მედიას ბევრად უფრო ინტენსიურად იყენებენ, შესაბამისად არის საფრთხე, რომ შიდა თუ გარე დეზინფორმაცია უფრო მეტ ადამიანის საინფორმაციო სივრცეში შეიჭრას.

კორონავირუსის ფონზე გააქტიურებული დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კოორდინირებული კამპანია მიუთითებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბოროტი აქტორები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, მძლავრ საინფორმაციო ქსელებს ხლართავდნენ. ამ ქსელების აქტიურად გამოყენება სავარაუდოდ საარჩევნო მიზნებისთვის იგეგმებოდა, თუმცა ამ ეტაპზე მათი გამოყენების ხელსაყრელი მომენტი COVID-19-თ გამოწვეული კრიზისი აღმოჩნდა.

რუსული საინფორმაციო კამპანიის არაავთენტური კოორდინირებული ქცევის ხერხები და ძირითადი გზავნილები

შიდა დეზინფორმაციული კამპანიების პარალელურად, მკაფიოდ გააქტიურდა რუსული საინფორმაციო ოპერაციის მწარმოებელი კრემლისტური სააგენტოს, News-Front Georgia-ს საინფორმაციო მანიპულაციური ხრიკები რომელიც ასევე გადაჯაჭვულია სააგენტო Geworld.Ge-სთან. ეს ორი სააგენტო ერთი და იმავე მესიჯების ირგვლივ აქვეყნებს სტატიებს, ამასთან „ფეისბუქის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდებზე ერთმანეთის მასალასაც აზიარებს.

რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებელი კამპანია COVID-19-ის პანდემიის პირობებში შენიღბულად უთხრის ძირს სახელმწიფოს მიერ ვირუსის საწინააღმდეგოდ გატარებული პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის მიმართ სანდოობას. სტატიების ნაწილი, რომელიც მრავალათასიანი აუდიტორიის მქონე ჯგუფებში ვრცელდება მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ეკლესიაში წასვლისკენ აქეზებს. ყველა, ვინც დისტანცირების პოლიტიკას ემორჩილება დამუნათებულია და ქრისტიანობის მოღალატედ არის წარმოჩენილი.

სააგენტოს სტატიების ნაწილი ორაზროვან სათაურებს შეიცავს, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი სათაური დაავადებათა კონტროლის ცენტრის დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ „ნიუს-ფრონტი“ დეზინფორმაციული სტატიებით თავს ესხმის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილეს და ლუგარის ლაბორატორიის დირექტორს, პაატა იმნაძესაც.

კორონავირუსის ფონზე კრემლის საინფორმაციო პროპაგანდა საქართველოში რამდენიმე მესიჯისის ირგვლივ ტრიალებს და სააგენტოების სტატიებიც სწორედ ამ გზავნილების გავრცელებას ემსახურება.

გზავნილი N1 - საქართველო წარუმატებელი ქვეყანაა და ისიც კი უმკლავდება კორონავირუსს, მაშინ როცა განვითარებული ევროპა უძულურია. საქართველომ საკუთარი მომავალი რუსეთს უნდა დაუკავშიროს და არა დასავლეთს. - ეს პრორუსული გზავნილი ემსახურება საქართველოს განუვითარებელ, ჩამოშლილ სახელმწიფოდ წარმოჩენას, რომლის ფონზეც ევროპა კიდევ უფრო უუნაროდ და კრიზისში მყოფად წარმოჩინდება. ეს გზავნილი შეფარულად მიუთითებს, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოება კარგს არაფერს მოუტანს და საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი რუსეთთან დაახლოებაა.

ზავნილი N2 - ვირუსთან საბრძოლველად იზოლაცია და სოციალური დისტანცირების პოლიტიკა არ ამართლებს და უკუშედეგს იწვევს. ამის მაგალითად მოყვანილია ბრიტანეთი, თითქოს ბრიტანეთმა სოციალური დისტანცირების პოლიტიკაზე უარი თქვა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ზავნილი N3 - საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში არა ლუგარის ლაბორატორია, ევროკავშირი ან ამერიკა, არამედ ჩინეთი ეხმარება, ხოლო ლუგარის ლაბორატორიის როლი ამ პროცესში გადამეტებულად არის წარმოჩენილი. ამასთან, საქართველო დასავლელმა მეგობრებმა მიატოვეს.

გზავნილი N4 - COVID-19 -ის ვირუსი ჩინეთში ბუნებრივად არ წარმოქმნილა, არამედ ის ამერიკამ სამხედროების გამოყენებით და ლუგარის ლაბორატორიის გავლით ხელოვნურად გაავრცელა.

გზავნილი N5 - ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით არა ვირუსს, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიას ებრძვის.

გზავნილი N6 - ვინც ეკლესიაში არ მიდის და ერთი ჭურჭლიდან არ ეზიარება, ის ქრისტიანი არ არის.

გზავნილი N7 - ლიბერალები იბრძვიან მართლმადიდებელ ეკლესიაში ზიარების წესის შესაცვლელად.

გზავნილი N8 - რუსეთი და ჩინეთი ევროკავშირისგან ზურგშექცეულ იტალიას ეხმარებიან. ნატოს წევრ იტალიაში რუსული სამხედრო მანქანები მოძრაობენ. იტალიელები ევროკავშირის დროშას რუსულზე ცვლიან.

გზავნილი N9 - მსოფლიოს ფარულად 13 ოჯახი/გვარი მართავს და კორონავირუსის გავრცელებაც მათ უკავშირდებათ.

გზავნილი N10 - რუსეთი კორონავირუსთან ბრძოლაში უძლეველია. კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში გამოიგონეს, ხოლო რუსმა მეცნიერება კორონავირუსის გენომი გაშიფრეს.

"კრემლისტური საინფორმაციო აგენტები საქართველოში ფეისბუქის პლატფორმის წესების მასობრივი დარღვევით ცდილობენ ისარგებლონ საზოგადოების მღელვარებით და ძირი გამოუთხარონ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორს, დათესონ ეჭვები და შეთქმულების თეორიები კორონავირუსის წარმომავლობასთან და მასთან ბრძოლისთვის სახელმწიფოს მიერ არჩეულ სტრატეგიასთან დაკავშირებით.

მათ საქმიანობაში შეინიშნება საზოგადოების ინტერესების და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით მიზანში ამოღება და მათთვის შერჩევითად ისეთი მესიჯების მიწოდება, რომელიც მიმართულია პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, საზოგადოების ურთიერთდაპირისპირებისკენ და დასავლეთის სახელმწიფოების მიმართ ანტაგონიზმის გაღვივებისკენ", - აცხადებს ISFED.

კომენტარები