საშობაო ეპისტოლე

კობახიძე: მადლობა მინდა ვუთხრა პატრიარქს, რომ ცილისწამებასა და სიცრუეზე ისაუბრა

მადლობა მინდა გადავუხადო უწმინდესსა და უნეტარესს დღევანდელი ქადაგებისთვის, ეპისტოლესთვის, სადაც საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, იმ საკითხებზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს. საუბარი იყო სიტყვით ძალადობის პრობლემაზე, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში. ცილისწამებაზე, სიცრუეზე, ბილწსიტყვაობაზე, რაც არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება იყო გამახვილებული განათლების პრობლემაზე, მათ შორის პატრიოტულ აღზრდაზე, მის მნიშვნელობაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე. ეს იყო ძირითადი გზავნილები პატრიარქის ეპისტოლეში და მე მინდა, ამ გზავნილებისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო

პირველი არხის ცნობით, თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პატრიარქის საშობაო ეპისტოლეზე, რომელშიც წერია, რომ "არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონების". პატრიარქის თქმით, "ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვისი დამცირების მიზნით მათ უსაფუძვლოდ შეურაცხყოფას; სიცრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, - გაცნობიერებული, შეგნებული სიცრუე, - ცილისწამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს, თავდაპირველად მაინც, შეცდომაში შეიყვანს".

კომენტარები