ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის ნაწილი და მრჩევლები წარადგინა

ტაბულა LIVE

საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი გუნდის ნაწილი და მრჩევლები წარადგინა.

ზურაბიშვილის თქმით, მას ჯერჯერობით გუნდის მხოლოდ ნაწილი ჰყავს დაკომპლექტებული, - "როგორც დაგპირდით, დღეს წარმოგიდგენთ ჩემი გუნდის ნაწილს, რომელიც დღეს ინიშნება, მრჩეველთა გუნდს. როგორც იცით, საკმაოდ შეზღუდულები ვართ ამ მომენტში და სანამ არ ჩატარდება სრული რეორგანიზაცია და კონკურსი იმისთვის, რომ დავაკომპლექტოთ ბოლომდე ის ადგილები, რაც შტატით გვეკუთვნის, მაგრამ ჩვენ ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას."

პრეზიდენტის მრჩეველთა სია:

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი - ლაშა ჟვანია.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - ქეთევან მახარაშვილი (ზურაბიშვილის ცნობით, ქეთევან მახარაშვილს დაევალება ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრეზიდენტის საქმიანობის კოორდინაცია, ასევე დროებით პრესსპიკერის ფუნქციებსაც შეითავსებს.)
  • საპარლამენტო მდივანი - დიმიტრი გაბუნია.
  • პრეზიდენტის მრჩეველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებში - სიმონ პეტრიდისი. 
  • პრეზიდენტის მრჩეველი დიასპორისა და მოქალაქეობის საკითხებში - ნათია სულავა.
  • პრეზიდენტის მრჩეველი სამხედრო საკითხებში - ალქსი ბარბაქაძე.
  • პრეზიდენტის მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში - ირინა შენგელია.
  • პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში - კოტე ნაცვლიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის სასახლე არ არის ბოლომდე ადაპტირებული შშმ პირებისთვის და ცვლილებები სწორედ ამ საკითხის მოგვარებიდან დაიწყება.

მან ასევე წარადგინა პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტაჟიორი, პიერ ალექსანდრ კრევუ. ზურაბიშვილის თქმით, იგი არის ქართველი, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობდა, სტაჟირების დასრულებისას იგი პრეზიდენტის გუნდის წევრი გახდება.

კომენტარები