ხორავას ქუჩის საქმე

კაპანაძე: გახარიას არ გამოუვა, თვალის ჩაკვრით და ღიმილით არ უპასუხოს მნიშვნელოვან კითხვებს

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა. სერგი კაპანაძის განცხადებით, 21 დეკემბერს, შს მინისტრს მოზარდების მკვლელობის საქმის შესახებ ყველა იმ კითხვას დაუსვამენ, რომელზეც პასუხი არ გაუცია. 

"კონკრეტულად იმაზე, რომ რატომ არ არის დაწყებული გამოძიება პროკურატურის თუ შს სამინისტროს იმ ადამიანების მიმართ, ვინც გაყალბებაში მონაწილეობდნენ, რატომ არ არის დამატებით გამოძიება დაწყებული მირზა სუბელიანის დანაშაულის ქმედებების იმ საქმეზე ?! რატომ არ არის ბრალი წაყენებული ?! ამ თემებზე, ჩვენ ველით შს სამინისტროს პასუხს .

მე მქონდა ზაზასთან შეხვედრა და ის იზიარებს ბუნებრივია ამ პოზიციებს და მასაც აინტერესებს. დღეს როგორც ჩანს შს სამინისტრო და ხელისუფლების დამოკიდებულება არის ის, რომ გადაავადოს კითხვებზე პასუხის გაცემა, იმედი აქვთ, რომ საზოგადოებრივი ყურადღება მოდუნდება ამ თემის მიმართ. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

ჩვენ ხვალ დავუსვამთ ყველა ამ მწვავე კითხვას შს მინისტრს და მას არ გამოუვა თავი აარიდოს პასუხებს და სადღაც ერთგან თვალის ჩაკვრით, მეორეგან გაღიმებით და გაძრომ - გამოძრომით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი" - თქვა კაპანაძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე 21 დეკემბერს, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარდგება. 

გიორგი გახარია პარლამენტის ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვითაც, მინისტრთა კაბინეტი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და პარლამენტი მას მოთხოვნისთანავე უსმენს. შს მინისტრისგან შესაბამისი მიმართვა უკვე მიიღეს პარლამენტის დეპუტატებმა. 

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტის ძველი რეგლამენტი შეცვალა, მთავრობის წევრს მოეხსნა პარლამენტის წინაშე წარდგენის ვალდებულება მაშინ, როდესაც მას დეპუტატები დაიბარებენ. სწორედ ამიტომ, ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ, გახარიას შესთავაზა, პარლამენტის ახალი რეგლამენტით ესარგებლა. 

გიორგი გახარია საპარლამენტო უმცირესობამ ხორავას ქუჩის საქმის და 16 დეკემბერს კახეთში მომხდარი ინციდენტის გამო დაიბარა.

პარლამენტში გახარიას მოსმენის შემდეგ დეპუტატების გამოსვლები დაიწყება. 

კომენტარები