აშშ

სენატორები ტრამპს: სირიიდან გასვლა გააძლიერებს აშშ-ის ორ მეტოქეს - ირანს და რუსეთს

მარკო რუბიო და ლინდსი გრემი
Business Insider

აშშ-ის სენატორები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებენ სირიიდან ჯარი არ გამოიყვანოს. მათ წერილში ნათქვამია, რომ აშშ-ის გამოსვლას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს გაძლიერება და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიერ სირიელი ხალხის ჩაგვრის გაგრძელება მოჰყვება.

"გამოვხატავთ შეშფოთებას ადმინისტრაციის გადაწყვეყილებაზე, გამოიყვანოს აშშ-ის ძალები სირიიდან. გვჯერა, რომ ამ მომენტში ეს ნაადრევი ნაბიჯია და ეს შეცდომა ძვირად დაგვიჯდება, რაც საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ აშშ-ის უსაფრთხოებას, არამედ, გაათამამებს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს, ბაშარ ალ-ასადს, ირანს და რუსეთს.

აშშ-ს სირიაში ამჟამად მცირე დანაყოფი ჰყავს. 2,000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფარს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი რწმენით ე.წ. ისლამური სახელმწიფო გაქრა, ადგილზე სიტუაცია ძალიან განსხვავებულია.

გარდა ამისა, ჩვენი ძალები მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევენ ქურთ პარტნიორებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. თუ ჩვენი ქურთი პარტნიორები რეგიონში აშშ-ის მხარდაჭერას დაკარგავენ, ჩნდება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელახლა აღზევების და რეგიონში ქურთული წინააღმდეგობის მოძრაობის სრულად განადგურების რისკი." წერია წერილში.

სენატორებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის რეგიონიდან გამოსვლა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ხელახლა გაძლიერების საშუალებას მისცემს. მათივე თქმით ტერორისტული ორგანიზაცია ერთადერთი საფრთხე არაა, და მსგავსი გადაწყვეტილება ასადის რეჟიმსაც გაათამამებს და ძალაუფლების განმტკიცების საშუალებას მისცემს.

"სირიიდან ამერიკის ძალების გამოყვანა გააძლიერებს აშშ-ის ორ მეტოქეს - ირანს და რუსეთს. როგორც იცით ირანმაც და რუსეთმაც გამოიყენა სირიის კონფლიქტი რეგიონში საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად. სისუსტის ნებისმიერი გამოვლინება შედეგად მოიტანს რეგიონში მათი გავლენების გავრცელებას და ჩვენი პატრნიორების და მოკავშირეების ნდობის შემცირებას. თქვენმა ადმინისტრაციამ წინა ადმინისტრაციის შეცდომები არ უნდა გაიმეოროს. მოგიწოდებთ ხელახლა განიხილოთ თქვენი შემოთავაზება სირიიდან აშშ-ის ძალების გაყვანის თაობაზე, რათა უზრუნველყოთ ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დაცვა."

წერილს ხელს აწერენ სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, ნიუ ჰემპშირის დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი, აიოვას რესპუბლიკელი სენატორი ჯონი ერნსტი, მაინის შტატის დამოუკიდებელი სენატორი ანგუს კინგი, არკანზასის რესპუბლიკელი სენატორი ტომ კოტონი და ფლორიდის რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო.

შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ს სირიიდან საკუთარი ჯარი გამოჰყავს. მისი თქმით მრავალწლიანი ბროძლის შემდეგ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია და ამერიკელი ჯარისკაცები სახლში უნდა დაბრუნდნენ.

გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა აშშ-ის მოკავშირეებისგანაც. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი არ იზიარებს ტრამპის პოზიციას, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფო უკვე დაამარცხეს. ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი შეისწავლის ამ გადაწყვეტილებას და საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების დანაყოფები ძირითადად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მოკავშირესთან, სირიის დემოკრატიულ ძალებთან ერთად მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილში იყო განთავსებული. თურქეთი სირიის დემოკრატიულ ძალებს, რომელიც ქურთებისა და არაბებისაგან შედგება, ქურთისტანის მუშათა პარტიის დანაყოფად მიიჩნევს და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში დაიწყოს ახალი სამხედრო ოპერაცია სირიაში, რის შემდეგაც პენტაგონისაგან გაფრთხილება მიიღო, რომ რომელიმე მხარი მიერ სირიის ჩრდილოეთში ცალმხრივი ქმედებები, რაც აშშ-ის სამხედრო ძალებს საფრთხეს შეუქმნის, მიუღებელია.

კომენტარები