პრემიერმინისტრის ანგარიში 2018

ბახტაძე: სიღარიბის მთავარი წყარო იყო წინა, უსამართლო ეკონომიკური მოდელი

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით 580 ათასი ადამიანი ე.წ შავი სიიდან უკვე ამოღებულია.

ბახტაძემ მთავრობის პროგრამის შესახებ, რომელიც ე.წ ჭარვბალიანობას ეხება, წლიური ანგარიშს წარდგენისას ისაუბრა. 

"სიღარიბე არის საქართველოს მტერი. ის უნდა დავძლიოთ ერთობლივი ძალისხმევით. სიღარიბის მთავარი წყარო გახდა ის ეკონომიკური მოდელი, რა ეკონომიკური მოდელითაც ქვეყანა ცდილობდა, განევითარებინა თავისი კონკურენტუნარიანობა. და ის ხშირ შემთხვევაში არ აღმოჩნდა წარმატებული. 

რატომ - იმიტომ, რომ მასში მრავლად იყო არასამართლიანი თამაშის წესები. 

ეს იყო ერთ-ერთი პირველი, რისი ცვლილებაც ჩვენ დავიწყეთ. დიახ, ჩვენ გვჭირდება ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდაზე, რომელიც შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ქართულ ოჯახს. 

სიღარიბის ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცა 2007 წელს მიღებული სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რითაც დაიწყო ჭარბვალიანობის პრობლემა საქართველოში. 

იმ წესებით, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ, მომავალში გამოირიცხა, რომ საქართველოს მოქალაქე ოდესმე არასამართლიანად აღმოჩნდეს შავ სიაში. 

მაგრამ რა გვექნა წარსულისთვის? თითქმის 600 000-ზე მეტი ადამიანი იყო შავ სიაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სამუშაო ძალის თითქმის ერთი მესამედი აღმოჩნდა ნორმალური, ცივილიზებული, სოციალური თუ ეკონომიკური ცხოვრების მიღმა. ესაა სრულიად წარმოუდგენელი. ვერცერთი ეკონომიკური რეფორმა ვერ გადაფარავდა ამ უდიდეს გამოწვევას და ძალიან დიდ მინუსს. ამ ნაწილში ჩვენ მივიღეთ ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება და დავიწყეთ მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ესაა ერთჯერადი სოლიდარობის აქტი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 1-ლ იანვარს, ახალ წელს ჩვენი 600 000 მოქალაქე ვალის და შავი სიის გარეშე შეხვდება.

მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს" რომ არა მათი მხარდაჭერა ჩვენ ძალიან გაგვიჭირდებოდა ამ პროექტის რეალიზაცია. დღეისთვის, 580 000 მეტი ადამიანი ამოღებულია ამ შავი სიიდან", - თქვა მამუკა ბახტაძემ. 

მთავრობის მიერ 19 ნოემბერს გაკეთებული განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს დავალიანებები უნულდებათ.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ვალების განულება შავ სიაში მყოფ ყველა ადამიანს არ შეეხება. შავ სიაში მყოფი დაახლოებით 700 000 ადამიანიდან 600 000 შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით, ვისაც ერთ წელზე მეტად ხანდაზმული ვალი აქვს, 2000 ლარამდე. მინისტრის თქმითვე, დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარს, რაც საჭიროა ვალების განულებისათვის ფონდი ქართუ ფარავს.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის გაკეთებული ეს განცხადება ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად შეფასდა. 

კომენტარები