გაერთიანებული ოპოზიცია

გურჯაანის სასამართლოსთან კირკიტაძის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ

ტაბულა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დავით კირკიტაძის მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს მოუწოდებენ - უკანონობას ნუ დაიცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის გამო, დილის 09:00 საათიდან გურჯაანის რამდენიმე ქუჩაზე (დ. გურამიშვილის, შ. რუსთაველის, ი. ნონეშვილის და თავისუფლების) ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეზღუდა.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციების ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია. თუმცა, ის უნდა ხორციელდებოდეს მშვიდობიანი ფორმით და არ უნდა ლახავდეს სხვა პირთა უფლებებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას.

ამასთან, დაუშვებელია შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების დროს შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების ბლოკირება, ხოლო კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე - გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა. ამასთან დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა" - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ პოლიცია დაიცავს აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლებას.

"საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შეუძლიათ ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით და აზრის დაუბრკოლებლად გამოხატვის თავისუფლებით კანონით დასაშვებ ფარგლებში და დადგენილი წესით. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა არ დაირღვეს კანონი, უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოებრივი წესრიგი და სახელმწიფო ინსტიტუტების შეუფერხებელი საქმიანობა.

ამ მიზნით და შესაძლო პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი" - აცხადებს შსს.

ენმ-ის წევრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა 10:30-ზე დაიწყება. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. ადვოკატის ინფორმაციით კი, დავით კირკიტაძეს 30-მდე დეპუტატი თავდებში უდგება.

ენმ-ის წევრი 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები