ქერჩის სრუტე

ქერჩის სრუტეზე თავდასხმის გამო, ლიტვამ რუსეთს სანქციები დააკისრა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე
president.gov.ua

უკრაინაში, ქერჩის სრუტეში განხორციელებული რუსული აგრესიის გამო, ლიტვამ რუსეთისთვის სანქციების დაკისრება გადაწყვიტა. ამის შესახებ ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა. 

ლიტვა NATO-ს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქერჩის სრუტის მოვლენების გამო რუსეთს სანქციები დააკისრა. 

ოფიციალური ლიტვის განცხადებით, პრეზიდენტების შეხვედრისას მთავარი განსახილველი საკითხი რუსული აგრესია იყო და ქვეყნების პირველმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებული მუშაობა გადაწყვიტეს. 

გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ უკრაინა კიდევ ერთხელ შეეჯახა რუსულ ღია აგრესიას. მისი თქმით, სწორედ ამიტომ, ლიტველებისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დაუჭირონ უკრაინელებს. 

"ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მიუღიათ არანაირი სანქცია რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ჩვენი, ეროვნული სანქციები ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების პროტესტის ნიშნად. 

ზოგჯერ არ არის მარტივი, იყო პირველი, როცა საქმე სანქციებს ეხება. მაგალითად, ჩვენ პირად მუქარებს ვიღებთ რუსეთისგან. ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო მსგავსი მუქარები

ბოლო წლები უკრაინაში საკმაოდ რთული იყო, განსაკუთრებით, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაგრამ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დღეს გვსურს, მხარი დაგიჭიროთ. ჩვენ გვესმის, რომ ზუსტად თქვენ თვითონ უნდა ააშენოთ საკუთარი ქვეყანა,"- თქვა ლიტვის პრეზიდენტმა. 

ამასთან, მისივე თქმით, ლიტვა უკრაინელ სამხედროებს ჰუმანიტარულ დახმარებასაც უწევს. 

უკრაინის მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ლიტვას და პირადად პრეზიდენტ გრიბაუსკაიტეს.

"ეს უხეში აქტი ცხადად მიანიშნებს რუსეთის ღია აგრესიას უკრაინისა თუ ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ და ეს შეიძლება მოხდეს ყველგან. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის და მთელ მსოფლიოსთან ერთად ხელი უნდა შევუშალოთ აგრესიის მცდელობებს. ამიტომაც, ჩვენ ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად, მოვილაპარაკეთ, რომ არამხოლოდ განვიხილავთ, არამედ ერთადაც ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ აგრესორს მომავალი აგრესია ძვირი დაუჯდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ბოლომდე აცნობიერებენ სიტუაციის მთელ სერიოზულობას და მზად არიან, საპასუხო ქმედებებისთვის,"- თქვა პეტრო პოროშენკომ.

26 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო. ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ NATO-ს მოუწოდა აზოვის ზღვაში საკუთარი გემები გაგზავნოს.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

კომენტარები