აშშ-ის სენატი

სენატორი ჯონ ბარასო: აშშ-მა და ნატომ შავ ზღვაში ხომალდები უნდა გაგზავნონ

ჯონ ბარასო
Youtube

რესპუბლიკური პარტიის სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, ჯონ ბარასომ თქვა, რომ დონალდ ტრამპმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა და აშშ-სა და ნატოს უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ უფრო მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდა:

"პუტინი არის ადამიანი, რომელიც ძალას და ტერიტორიას აფასებს. მისთვის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ქმედებებს აქვს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ. ის არ გაჩერდება სანამ არ გააჩერებენ. ის შიშს ყნოსვით გრძნობს და ამგვარად მოქმედებს." თქვა მან.

ბარასოს აზრით აშშ-მა და ნატომ შავ ზღვაში ხომალდები უნდა გააგზავნონ და უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.

აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა 1 დეკემბერს არგენტინაში ბუენოს აირესში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში უნდა გამართულიყო.

ტრამპმა შეხვედრის გაუქმება გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლებაზე რუსეთის უარს დაუკავშირა:

„გამომდინარე იქედან, რომ გემები და მეზღვაურები რუსეთიდან უკრაინაში არ დაბრუნებულან, გადავწყვიტე, რომ ყველა მხარისთვის უკეთესია, გავაუქმო არგენტინაში დაგეგმილი შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. მოუთმენლად ველი მნიშვნელოვან სამიტს როგორც კი სიტუაცია გადაწყდება“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა Twitter-ზე.

26 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაიჭრა ექვსი უკრაინელი სამხედრო. ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს. ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პროვოკაცია უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ NATO-ს მოუწოდა აზოვის ზღვაში საკუთარი გემები გაგზავნოს.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

კომენტარები