არჩევნები 2018

ევროპული საქართველო "გაერთიანებული ოპოზიციის" აქციას არ შეუერთდება

ტაბულა

ევროპული საქართველო გაერთიანების "ძალა ერთობაშია" მიერ კვირას დაგეგმილ საპროტესტო აქციას არ შეუერთდება.

ამის შესახებ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოს შემდეგ განცხადება დავით ბაქრაძემ გააკეთა.

მისი თქმით, სრულიად გასაგები და ლეგიტიმურია ყველა იმ ადამიანის წუხილი, ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ევროპული საქართველოს აზრით, პოლიტიკური ბრძოლის გზა პოლიტიკურ რეფორმებზე გადის.

"ჩვენ გვესმის თითოეული ასეთი ადამიანის წუხილი. მაგრამ "ევროპულ საქართველოს" მიაჩნდა და მიაჩნია, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ბრძოლის მთავარი გზა გადის პოლიტიკურ რეფორმებზე და არა საპროტესტო აქციებზე. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული ადამიანის, მოქალაქის მიმართ, ვინც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია, ორგანიზაციულად აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ჩვენ ვთავაზობთ მთელ ოპოზიციურ სპექტრს დაუყოვნებლივი კონსულტაციები გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვალა", - თქვა დავით ბაქრაძემ.

გაერთიანებული ოპოზიცია აქციის ჩატარებას კვირას, 2 დეკემბერს გეგმავს. როგორც მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. გაერთიანების ლიდერები აღნიშნავენ, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება. მათ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი მანიფესტაცია იქნება ერთჯერადი თუ გაგრძელდება.

კომენტარები