ვანო მერაბიშვილი

ადვოკატები ვანო მერაბიშვილისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას ითხოვენ

რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილის ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ და დამატებითი კვლევების ჩატარებას ითხოვენ. გიორგი ჩივიაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა ექსპერტიზა, მოითხოვა სამედიცინო გამოკვლევების შესახებ არსებული ყველა დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევები სრულყოფილი არ იყო.

"აღმოჩნდა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევები არ იყო სრულფასოვანი. სისხლის საერთო ანალიზში დააფიქსირა ექსპერტმა, რომ ლიმფოციტების რაოდენობა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან იქნა მომატებული, რომლის დონეც დღემდე არ არის დაწეული. შესაბამისად, მას არ უტარდება არანაირი მკურნალობა. მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული, რომ მას სისხლში ამ ეტაპზეც აქვს მომატებული ლიმფოციტები, რაც ნიშნავს იმას, რომ მის ორგანიზმში არის ვირუსი. ეს ვირუსი რას გამოიწვევს ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ ან უახლოეს პერიოდში, არავინ არ იცის იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, ადამიანს, რომელიც უკვე მეექვსე თვეა, არის ცუდად, დიაგნოზი ვერ დაუსვეს", - ამბობს ადვოკატი.

სახალხო დამცველის აპარატში ტაბულას უთხრეს, რომ ასეთი რეკომენდაციები ნამდვილად მომზადდა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას შეიცავს, არ ასაჯაროვებენ.

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ადვოკატები რამდენიმე თვეა საუბრობენ. გარდა ამისა, მერაბიშვილი რამდენჯერმე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. მისი უფლებადამცველები ამბობენ, რომ ზუსტი დიაგნოზი ამ დრომდე არ იციან.

23 სექტემბერს კი ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მათ არ გამორიცხეს ვანო მერაბიშვილის მიზანმიმართული ინტოქსიკაცია.

მათ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და მსჯავრდებულის მიმართ ჩატარებული გამოკვლევები, ასევე, მისი დიაგნოზები გაასაჯაროვა. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, მერაბიშვილი იმ სტანდარტის მკურნალობას იღებს, რასაც სხვა მსჯავრდებულები და განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ აქვს.

კომენტარები