არჩევნები 2018

იზორია: ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული

"ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მაქსიმალურად იქნება დაცული," - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ისაუბრა. იზორია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 

„ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი, ეგრეთ წოდებულ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ჯარს მოიხსენიებს. პირადად, მე და თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს მონაპოვარი - ჯარის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, ყოველგვარი მსგავსი შემოტევებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული“, - ეს განცხადება ლევან იზორიამ საბრძოლო მომზადების ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Edison Research-ის ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეებს რუსთავი 2-ის ეთერით მიმართა და მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. "მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ჯარებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მე მოვუწოდებ საჯარო სამსახურის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს." - თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები