არჩევნები 2018

ოთარ ზურაბიშვილი: მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს

ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის ძმა ოთარ ზურაბიშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. მისი თქმით, დისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა, თუმცა, "ორივესთვის ნათელია, რომ რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია".

"ალბათ იცით, რომ ჩემს დას სალომეს და მე გვქონდა განსხვავებული პოლიტიკური აზრები და ზოგიერთ საკითხში კიდევ გვაქვს, მაგრამ გვერდიგვერდით გავიზარდეთ იმ ოჯახში, სადაც სუფევდა ის მუდმივი პრინციპები, რომელსაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს დამოუკიდებლობა. ნათელი არის ორივესთვის, რომ საქართველოს ისტორიული მტერი იყო და არის რუსეთი, რომელიც დღესაც ცდილობს საქართველოს დაპყრობას.

ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ კრემლი იყენებს ყოველგვარ საბჭოურ მეთოდს, რომ სალომეს პრეზიდენტობა აირიდოს. დღევანდელი მიუღებელი კამპანიის ტონიც არის ამის მაჩვენებელი" - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ ის მისი დის "პროფესიონალიზმს და კომპეტენტურობას" ირჩევს.

"მე არ ვირჩევ პარტიას, არამედ ვირჩევ პრეზიდენტს. მე არ ვირჩევ დას, არამედ ვირჩევ სალომეს, როგორც პროფესიონალს, ვირჩევ მის კომპეტენტურობას და გამოცდილებას. მე ვირჩევ ადამიანს, რომელიც არის საქართველოსთვის საუკეთესო არჩევანი" - თქვა ოთარ ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა.

"ჩვენი შერიგება, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული მაგალითად დავუდოთ ხვალინდელ დამშვიდებულ საქართველოს" - დაწერა პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა არაერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ 2008 წელს "ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა" და საქართველო რუსეთის პროვოკაციას წამოეგო. ამის შემდეგ, კომენტარი მის ძმას სთხოვეს, რომელთანაც პრეზიდენტობის კანდიდატს უთანხმოება ჰქონდა. ოთარ ზურაბიშვილმა არჩევნების პირველი ტურის წინ დაწერა, რომ შიდა ქართლში ქართულ სოფლებზე შეიარაღებული თავდასხმების ინიციატორი სწორედ რუსეთია.

"დიახ! რუსეთი განაგრძობს დღეს ამ ომს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაძლიერებული მილიტარიზაციით და პროვოკაციებით (მხედველობაში მაქვს : ადამიანების გატაცებები, მკვლელობები, საოკუპაციო ზონის საზღვრების გადაადგილება).

დიახ! რუსეთი საქართველოს მტერია. დიპლომატიური გზა უდავოდ გამოსავალია, მხოლოდ ამ ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით და არა მისი უარყოფით შეიძლება სტრატეგიის აგება. დიპლომატია ნამდვილი ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს. თუ კი ნამდვილ ფაქტებზე თვალებს დავხუჭავთ, ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება" - წერდა ოთარ ზურაბიშვილი Facebook-ში, რის გამოც, მას ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "უკეთილშობილესი პიროვნება და საქართველოს დიდი პატრიოტი" უწოდა.

კომენტარები