უკრაინა-რუსეთი

უკრაინის პატრიარქი რუსეთს: მივმართავ ძმათა მკვლელებს, დაბრუნდით საკუთარ სახლებში!

პატრიარქი ფილარეტი
telegraf.com.ua

უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა რუსეთის მიერ აზოვის ზღვაში უკრაინულ გემებზე თავდასხმასა და დატყვევებაზე კომენტარი გააკეთა.

მან უკრაინელებს ერთობისაკენ მოუწოდა რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი ღია აგრესიის წინაშე:

"ამ დრომდე კრემლი ცდილობდა ტყუილებით დაეფარა თავისი აგრესია უკრაინის მიმართ, იყენებდა ჯარს ამის აღიარების გარეშე და ადგილობრივი კოლაბორაციონერების უკან იმალებოდა, საუბრობდა "დონბასში სამოქალაქო ომის" და "ყირიმის თვითგამორკვევის" შესახებ. 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ ღია აგრესიის აქტი, რომელსაც უკვე ვერ დაფარავს.

მოვუწოდებ პოლიტიკოსებს გვერდზე გადადონ დაპირისპირებები და გაერთიანდნენ. რადგან, თუ მტერი გაანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას, რა თანამდებობებს გაუფრთხილდებით, სად მართავთ?

ერთობისაკენ მოვუწოდებ უკრაინის საზოგადოებას, გამარჯვების გარეშე ვერ იქნება ვერც მშვიდობა, ვერც კეთილდღეობა, ვერც ბედნიერი მომავალი თითოეული ჩვენგანისათვის.

კვლავ მივმართავ ძმების მკვლელებს - ახალ კაენებს, რომლებიც, ჩვენს ერს საკუთარ ძმებს უწოდებენ, მოვიდნენ ჩვენს სახლში რათა დალიონ სისხლი და დაგვიმონონ: გონს მოდით და შეწყვიტეთ ბოროტების კეთება! დამალეთ ხმალი და დაბრუნდით საკუთარ სახლებში!" თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების Facebook გვერდზე წერია.

"სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსალდალმა გასცა ბრძანება უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულ სამხედრო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ." წერია განცხადებაში.

უკრაინის პარლამენტი დღეს ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ მისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა.

უკრაინული წყაროების ცნობით, ვერხოვნა რადა კიევის დროით 16:00 საათზე შეიკრიბება.

საგანგებო შეხვედრას გამართავს გაეროს უშიშროების საბჭოც.

კომენტარები