საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მიუხედავად ყველასთვის ცნობილი ძალების მცდელობებისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს". მისი მტკიცებით, "ჩვენ და ჩვენმა მხარდაჭერილმა კანდიდატმა ვაწარმოეთ ევროპული ტიპის კამპანია, ხოლო მეორე მხრიდან ვხედავთ ყალბი ინფორმაციებით ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ძალიან უხეშ მცდელობას". ის იმედოვნებს, რომ დამკვირვებლებს "სათანადო რეაგირება" ექნებათ.
"ბათუმში დაფიქსირდა შემთხვევა, სადაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ჯელალ ქიქავა ურეკავს ზონდერჯგუფებს და მოუწოდებს მათ ფიზიკური ძალადობის და პროვოკაციისკენ, არსებობს შესაბამისი ვიდეომასალაც. მოგვიანებით, აღნიშნულმა პიროვნებამ, ბათუმის მე-9 უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს მხარდამჭერ ქალბატონს, რაზეც ჩვენი ინფორმაციით, უკვე საქმის კურსში ჩააყენეს სამართალდამცავი ორგანოები და ბუნებრივია, ამაზე იქნება გამოძიება და დაველოდებით შედეგებს.
ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, მურთაზ ზოდელავა ტელეკამერების წინ ხევს სააგიტაციო მასალას და ამას ხსნის იმით, რომ თითქოს უბნის შიგნით არის ეს მასალა, რეალურად არის უბნის გარეთ და არჩევნების დღესაც უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება.
როგორც ნახეთ, ევროპული საქართველოს წარმომადგენლები გამოესარჩლნენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს იმ მოტივით, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია დაშვებულია, თუმცა ისინი შეგნებულად გვერდს უვლიან მთავარს - მოქმედი კანონმდებლობით, არჩევნების დღეს აკრძალულია მასმედიის საშუალებებით საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული რეკლამირება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გუშინ რუსთავი 2, მიუხედავად საარჩევნო დღის დადგომისა, 12 საათის შემდეგ აგრძლებდა ანტირეკლამას, ცილისწამებას და შეურაცხყოფას ჩვენი მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ.
ვრცელდება ინფორმაცია და ეს არის დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ღიად ავალებენ თავიანთ წარმომადგენლებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იქნება თუ არა დარღვევები, დაწერონ მაქსიმალურად ბევრი საჩივარი.
ასევე მინდა სოციალური ქსელებით გავრცელებულ სხვადასხვა სახის ყალბ ინფორმაციებს გამოვეხმაურო. დღეს, განსაკუთრებით ბევრია ასეთი ინფორმაციები, ე.წ "ფეიქ ნიუსები", თითქოს სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა სხვადასხვა განცხადებები აფხაზეთზე, მეგრელებზე, სარალიძეზე და ა.შ. რაც არის აბსოლუტური სიცრუე, მიზანი ალბათ გასაგებია ყველასთვის.
დარწმუნებულნი ვართ, ჩვენ შევძლებთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რა მცდელობებიც არ უნდა იყოს სხვადასხვა დესტრუქციული ძალებისგან" - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.





