არჩევნები 2018

კობახიძე: საპრეზიდენტო კამპანიას შეიძლება ვუწოდოთ, სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, დღეს, სპორტის სასახლეში შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრას მართავს, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" წევრები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.  

შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წინასაარჩვენო გარემო შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ არაევროპული და არაქართული კამპანია მიმდინარეობს.

"რამდენიმე დღეში დასრულდება საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და საფუძველი ჩაეყრება ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. სისტემას, სადაც პრეზიდენტი არის ზეპარტიული თანამდებობის პირი, ხიდი საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის. ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს თავიდანვე შესთავაზა ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის წარმართვა. თუმცა, ოპონენტების პასუხი იყო სრულიად არაევროპული და ამასთან ერთად არა ქართულიც. ევროპელობა და ქართველობა გულისხმობს საკუთარ ერთმანეთის პატივისცემას. სიმართლის პატივისცემას, ქალის პატივისცემას. ამის საპირისპიროდ ჩვენ ამ ორი თვის განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით სრულიად უღირს კამპანიას, სიყლაბეს, აგრესაისა და სიძულვილს ოპონენტების მხრიდან. მხოლოდ ძლიერ ქალბატონს, როგორიცაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, შეეძლო ასეთი ღირსებით და მოთმინებით ეპასუხა ოპონენტების მორალური სისუსტისათვის",- ამბობს ირაკლი კობახიძე.  

კომენტარები