ჯამალ ხაშოგი

CNN-ის ვიდეოში ხაშოგის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საკონსულოდან მისი ტანსაცმლით გამოდის

CNN აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ საუდის არაბეთიდან სტამბოლში, საკონსულოში ჩასული 15 კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შენობიდან მოკლული ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ტანსაცმლით გამოვიდა.

ვიდეო მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერებმა ჩაწერა და თურქეთის მთავრობის გამოძიების ერთ-ერთ სამხილს წარმოადგენს.

მამაკაცი, რომელსაც ზუსტად ისეთივე ტანსაცმელი აცვია, როგორიც ჯამალ ხაშოგის საკონსულოში შესვლისას და სათვალეებსა და ხელოვნურ წვერს ატარებს, მუსტაფა ალ-მადანია.

მადანი საკონსულოში კიდევ ერთ ეჭვმიტანილთან, სალაჰ ალ-ტუბაიკისთან ერთად მივიდა. საკონსულოში შესვლისას მას სხვა ტანსაცმელი ეცვა და წვერი არ ჰქონდა.

მკვლელებს ამით სავარაუდოდ სურდათ ილუზია შეექნათ, რომ ჟურნალისტმა საკონსულოს შენობა დატოვა.

15 კაციანი ჯგუფი ერ-რიადიან სტამბოლში კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. ისინი საკონსულოში 2 ოქტომბერს, ხაშოგის შემდეგ მივიდნენ და ქვეყანა იმავე დღეს დატოვეს. საუდის არაბეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო “ალ-არაბია” ირწმუნებოდა, რომ ისინი ტურისტები იყვნენ.

Middle East Eye წერს, რომ 15-დან 7 პირი საუდის არაბეთის ტახტის ახალი მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის პირადი დაცვის წევრები აღმოჩდნენ. 15-დან ერთ-ერთი თავადაც გაუჩინარდა და 18 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით ერ-რიადში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჟურნალისტი "თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა" მოკლეს და ოპერაციის შესახებ ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა და მეფე სალმანმა არაფერი იცოდნენ. მინისტრმა მომხდარს "საშინელი შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ საუდის არაბეთი მომხდარ გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

მანამდე საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ ხაშოგის საკონსულოში შელაპარაკება მოუვიდა და ის ჩხუბისას შემოაკვდათ. ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია. მანამდე კი საკონსულოს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ხაშოგი არ მოუკლავთ და მან შენობა დატოვა.

საუდის არაბეთმა 18 ადამიანი დააკავა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს მუჰამედ ბინ სალმანის ორი მრჩეველი.

ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები