ჯამალ ხაშოგი

ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიების დასახმარებლად თურქეთში CIA-ს დირექტორი ჩავიდა

ჯინა ჰასპელი
Reuters

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი ჯინა ჰასპელი თურქეთში ჩავიდა. ის სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამოძიებაში ჩაერთვება.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით ის საუდის არაბეთის განმარტებებით უკმაყოფილოა.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჟურნალისტი "თვითნებურად მოქმედმა მკვლელებმა" მოკლეს და ოპერაციის შესახებ ტახტის მემკვიდრე მუჰამედ ბინ სალმანმა და მეფე სალმანმა არაფერი იცოდნენ. მინისტრმა მომხდარს "საშინელი შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ საუდის არაბეთი მომხდარ გამოიძიებს და დამნაშავეებს დასჯის.

მანამდე საუდის არაბეთის სახელმწიფო ბრალმდებელმა თქვა, რომ ხაშოგის საკონსულოში შელაპარაკება მოუვიდა და ის ჩხუბისას შემოაკვდათ. ამ განცხადებამ კრიტიკა გამოიწვია. მანამდე კი საკონსულოს წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ ხაშოგი არ მოუკლავთ და მან შენობა დატოვა.

საუდის არაბეთმა 18 ადამიანი დააკავა. თანამდებობიდან გაათავისუფლეს მუჰამედ ბინ სალმანის ორი მრჩეველი.

დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პარლამენტში გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებს წარადგენს.

ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები