ჯამალ ხაშოგი

საუდის არაბეთის კიდევ ერთი ვერსია ჯამალ ხაშოგის გარდაცვალებაზე

Reuters

ჯამალ ხაშოგის მკვლელობის გამო საუდის არაბეთზე ზეწოლის გამო, ქვეყნის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტის მკვლელობის სხვა ვერსიაზე ისაუბრა, რომლის ძირითადი ასპექტებიც წინა განმარტებებს ეწინააღმდეგება. 

საუდელი თანამდებობის პირი, რომელმაც კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა, ყვება, როგორ გაგზავნეს საუდის არაბეთის მოქალაქეთა 15-კაციანი ჯგუფი ხაშოგის დასახვედრად სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს. მათ ჟურნალისტზე იძალადეს, გაიტაცეს, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი კისერში მოჭერით მოკლეს. ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შემდეგ ხაშოგის ტანსაცმელი ჩაიცვა, რათა, საჭიროების შემთხვევაში გაეთამაშებინა, რომ ჟურნალისტმა შენობა დატოვა. 

ჟურნალსიტი, 59 წლის ჯამალ ხაშოგი, რომელიც საუდის არაბეთის მოქალაქეა, თუმცა, ქვეყნის დატოვება მოუწოა და ბოლო წლებში ამერიკაში ცხოვრობდა, 2 ოქტომბერს დაიკარგა. ის საუდის არაბეთის სტამბოლის საკონსულოში ქორწინებისთვის საჭირო საბუთების მოსაწესრიგებლად შევიდა, შემდეგ კი არავის უნახავს. 

ხაშოგის გაქრობაში რამე ტიპის მონაწილეობას საუდის არაბეთი 2 კვირის განმავლობაში უარყოფდა, შაბათს დილით კი გაკეთდა განცხადება, რომ ის საკონსულოს თანამშრომლებთან ფიზიკური დაპირისპირების დროს დაიღუპა და 18 ადამიანიც დააკავა. ერთი საათის შემდეგ ქვეყანამ ხაშოგის კისერში მოჭერით დაღუპვა დაადასტურა, რაც დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ემთხვევა. 

თურქეთის ოფიციალური პირები ეჭვობენ, რომ ხაშოგი - ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი, რომელიც საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, მოჰამედ ბინ სალმანს ამხელდა და აკრიტიკებდა, სწორედ მან გაანადგურა. საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირმა დღეს ამის შესახებ არაფერი თქვა. თუმცა, მისი თქმით, ის ხალიჩაში გაახვიეს და "ადგილობრივ თანამშრომელს" გადასცეს. 

კითხვას, მართალია თუ არა ცნობები იმის შესახებ, რომ ხაშოგი აწამეს, მისი ცხედარი კი დაანაწევრეს, საუდის არაბეთის წარმომადგენელმა თავი აარიდა და თქვა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამაზე არ ისაუბრებს. 

როიტერის ცნობით, საუდელმა ოფიციალურმა პირმა მათ შიდა დაზვერვის დოკუმენტები გააცნო, რომელთა მიხედვითაც, დისიდენტები საუდის არაბეთში უნდა დაებრუნებინათ, მათ შორის ხაშოგიც. მან ჟურნალისტებს ასევე აჩვენა ჩვენება, რომელიც მან აღწერა, როგორც 15-კაციანი ჯგუფზის "ხელის დაფარება", ასევე შიდა გამოძიების პირველადი შედეგები. მას ნათქვამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. 

საუდის არაბეთმა ხაშოგის შესახებ განცხადებები რამდენჯერმე შეცვალა. თავდაპირველად მათ უარყვეს ხაშოგის გაქრობა საკონსულოს შენობიდან და თქვეს, რომ ჟურნალისტმა შენობა შესვლიდან მალევე დატოვა. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხაშოგი მოკლულია, საუდის არაბეთმა ამას უსაფუძვლო ინფორმაცია უწოდა. 

როდესაც როიტერმა საუდელ თანამდებობის პირს მთავრობის განცხადებების შესახებ ჰკითხა, მან უპასუხა, რომ მთავრობის თავდაპირველი განცხადება "არასწორ შიდა ინფორმაციას" ეყრდნობოდა. 

"როდესაც ცნობილი გახდა, რომ შიდა ინფორმაცია არასწორი იყო, დაიწყო შიდა გამოძიება, საჯარო განცხადებებისგან კი თავი შევიკავეთ", - თქვა მან. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება. 

თურქული წყაროების ცნობით, საუდის არაბეთი ხაშოგის მკვლელობას ფირზე იღებდა, თუმცა, ვიდეო არ გავრცელებულა. 

ოფიციალურმა ერრიადმა სტამბოლში მაღალი დონის დელეგაცია გაგზავნა და შიდა გამოძიების ჩატარება დაავალა. მაგრამ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ უმკლავდება საუდის არაბეთი ხაშოგის მკვლელობას. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია. 

გერმანიამ და საფრანგეთმა საუდის არაბეთის მოუწოდეს ახსნან, როგორ დაიღუპა ჯამალ ხაშოგი

დაღუპვის ბოლო ვერსიის მიხედვით, საუდის არაბეთის მთავრობას სურდა დაერწმუნებინა ხაშოგი, რომელიც 1 წლის წინ საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. მათ სურდათ, ჟურნალისტი საუდის არაბეთში დაბრუნებულიყო, როგორც იმ კამპანიის ნაწილი, რომლის მიხედვითაც თავიდან აიცილებდნენ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ დისიდენტების რეკრუტირებას. 

როიტერთან საუბრისას საუდელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ 15-კაციანი ჯგუფი საუდის არაბეთის გენერალური დაზვერვის თავმჯდომარემ შეკრიბა დაზვერვისა და უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებისგან, სტამბოლში გაგზავნა და ხაშოგის ქვეყანაში დაბრუნებაში დარწმუნება დაავალა. 

ჯამალ ხაშოგის საქმეზე ვრცლად წაიკითხეთ აქ

კომენტარები