ალბერტ აინშტაინი

აინშტაინის წერილი, რომელშიც ფიზიკოსი ღმერთს და რელიგიას უარყოფს, $1 მილიონად გაიყიდება

ალბერტ აინშტაინის წერილი რელიგიის და ღმერთის შესახებ

სიკვდილამდე ერთი წლით ადრე ალბერტ აინშტაინის მიერ ებრაელი ფილოსოფოსის, ერიკ გუტკინდისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც ფიზიკოსი ღიად უარყოფს ღმერთს და რელიგიას, დეკემბერში აუქციონზე $1 მილიონად გაიყიდება. 1954 წერს დაწერილი წერილი პირველად 2008 წელს გასაჯაროვდა.

"ჩემთვის სიტყვა "ღმერთი" არაფერია ადამიანური სისუსტის შედეგის და გამოხატულების გარდა, ბიბლია კი პატივსაცემი, მაგრამ მაინც უკიდურესად პრიმიტიული ლეგენდების კრებულია, რომლებიც ამავდროულად საკმაოდ ბავშვურია." - წერდა ფიზიკოსი. 

აინშტაინი ბავშვობაში რელიგიური იყო, მაგრამ 13 წლის ასაკში უმაღლესი მათემატიკით და ფილოსოფიით დაინტერესების შემდეგ მას გაუჩნდა გრძნობა, რომ ტყუილების სჯეროდა და უარი თქვა რელიგიურ რწმენაზე, თუმცა არც ათეისტი გამხდარა. მას აღარ სჯეროდა პიროვნული ღმერთის, რომელიც ადამიანების საქმიანობაში ერევა ან სჯის მათ, მაგრამ ხშირად იყენებდა სიტყვა ღმერთს სამყაროს ჰარმონიის და კანონზომიერების აღსანიშნად. მაგალითად, კვანტური მექანიკის მიმართ თავისი კრიტიკული დამოკიდებულება მან გამოხატა ფრაზით "ღმერთი კამათელს არ თამაშობს."

"მე მჯერა სპინოზას ღმერთის, რომელიც სამყაროს კანონზომიერ ჰარმონიაში ვლინდება და არა ღმერთის, რომელიც კაცობრიობის ბედით და საქმიანობითააა დაინტერესებული"- წერდა მეცნიერი.

წერილი, რომელიც ბოლოს 2012 წელს eBay-ზე გაიყიდა, ნოემბრის განმავლობაში სან-ფრანცისკოს Pace Gallery-ში იქნება წარმოდგენილი, ვიდრე 4 დეკემბერს ნიუ-იორკში აუქციონზე გაიყიდება.

კომენტარები