მედიის თავისუფლება

ოდიშვილის პროდიუსერი: ფორმატის ცვლილების გამო ტექნიკურად გავიჭედეთ და გადაცემა ჩავარდა

www.facebook.com/vasmedia

ვასიკო ოდიშვილის გადაცემა "ვასმედიას" პროდიუსერი, გვანცა გორდეზიანი ტაბულასთან ამბობს, რომ კვირას, 7 ოქტომბერს გადაცემის გაშვება ფორმატის ცვლილების გამო ვერ შეძლეს.

ტაბულამ მას ჰკითხა გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ "ვასმედია" ტელეკომპანია "იმედზე" შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის გამო შეჩერდა. გვანცა გორდეზიანის თქმით, "მსგავსი არაფერი არ არის".

"არ შეწყდება, კვირას ჩვეულებრივ გავა გადაცემა. გუშინ რაღაც პრობლემა გვქონდა ტექნიკური, ფორმატის ცვლილება გვინდოდა ოდნავ, რაც არ გამოგვივიდა ტექნიკურად სამწუხაროდ და კვირას ჩვეულებრივად გავა გადაცემა", - ამბობს ის.

ტაბულამ გვანცა გორდეზიანს ჰკითხა, რატომ გახდა ფორმატის ცვლილება საჭირო იმ გადაცემაზე, რომელიც ახალია და კვირას ეთერში მესამედ უნდა გასულიყო. პროდიუსერი ამ შეკითხვას ასე პასუხობს:

"ჩვენ თვითონ, გუნდში, შიგნით გაგვიჩნდა სურვილი, რომ კიდევ რაღაცები დაგვემატებინა, რის გამოც მერე გავიჭედეთ უბრალოდ ტექნიკურ ამბავში და ჩაგვივარდა გადაცემა. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე ასეთი რაღაცები. კვირას ჩვეულებრივ დაელოდეთ გადაცემას", - ამბობს გვანცა გორდეზიანი.

ტაბულა ცდილობს "ვასმედიის" კიდევ ერთ პროდიუსერთან, ირაკლი ხრიკაძესთან და თავად ვასიკო ოდიშვილთან დაკავშირებას. ამ დროისთვის სატელეფონო ზარებს არც ერთი მათგანი არ პასუხობს.

განახლება: რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა "ვასმედიამ", სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემა განახლებული დეკორაციით 14 ოქტომბერს დაბრუნდება.

"ძვირფასო ვასმედიას მაყურებლებო, ვასიკო ოდიშვილი განახლებული დეკორაციით დაგიბრუნდებათ კვირას, 14 ოქტომბერს ჩვეულ დროსა და ჩვეულ ადგილას. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ! არაკეთილმოსურნეებს, გთხოვთ, გააგრძელოთ ნერვიულობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს, ანონსის წინასწარ გავრცელების მიუხედავად, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში არ გავიდა გადაცემა "ვასმედია", რომლის ავტორი და წამყვანი ვასიკო ოდიშვილია. ბოლო გადაცემაში ოდიშვილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეზე იხუმრა. "ლიბერალი" წერს, რომ მათი წყაროს ინფორმაციით, გადაცემა შეჩერდა და ამის მიზეზი სწორედ კობახიძეზე ხუმრობა გახდა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ამის შესახებ თავად პარლამენტის თავმჯდომარესაც ჰკითხეს. მან თქვა, რომ რომელიმე გადაცემის დახურვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

"არ მგონია რამე გადაცემა დახურულიყო, არ ვიცი. რანაირი ინფორმაცია არა მაქვს იმის თაობაზე, რომ რაიმე გადაცემა დაიხურა", - აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები