საუდის არაბეთი-თურქეთი

ერდოღანი: საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარებული ჟურნალისტის საქმეს ვიძიებთ

Reuters

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით პირადად მიადევნებს თვალს გაუჩინარებული არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საქმის გამოძიებას.

"სწავლობენ საელჩოში შესულებისა და გამოსულების მონაცემებს, აეროპორტის ტრანზიტებს და კამერების ჩანაწერებს. ჩვენ გვსურს დროულად მივიღოთ შედეგები. ჩემი მოლოდინი ჯერ კიდევ პოზიტიურია." თქვა მან.

საუდის არაბეთის მოქალაქე, ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი გასულ კვირას სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

საკონსულოში ვიზიტამდე მან საცოლეს დაუბარა, რომ თუ რამდენიმე საათში არ დაბრუნდებოდა თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის შეეტყობინებინა.

ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მოქმედებებისა და ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეთა რეპრესიის საკითხებზე და გასულ წელს ქვეყნის დატოვებაც სწორედ ამიტომ მოუხდა.

"მე დავტოვე ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი, ჩემი სამსახური და ხმა ავიმაღლე. სხვაგვარად მოქცევა მათი ღალატი იქნებოდა, ვინც ციხეებში იტანჯება. მე შემიძლია ვისაუბრო მაშინ, როდესაც ძალიან ბევრს არ შეუძლია." დაწერა მან გასულ თვეს.

თურქეთის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს.

საკონსულოს წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ. ხაშოგი მოკლულად არ მიაჩნია არც მის საცოლეს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმავე დღეს, როდესაც ხაშოგი გაუჩინარდა საუდის არაბეთის 15 მოქალაქე, მათ შორის ოფიციალური პირები, სტამბოლში 2 თვითმფრინავით ჩავიდნენ და საკონსულოში იმყოფებოდნენ. მათ ქვეყანა მალევე დატოვეს. თურქეთი მათი ვინაობის დადგენას ცდილობს.

კომენტარები