საუდის არაბეთი-თურქეთი

თურქეთს დაკარგული ჟურნალისტის მოსაძებნად საუდის არაბეთის საკონსულოს გაჩხრეკა სურს

Reuters

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით გაუჩინარებული არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის ძებნა ინტენსიურად გრძელდება. წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვენის კონვენცია საკონსულოს შენობას იცავს, მისი გაჩხრეკა მისიის ხელმძღვანელის ნებართვის საფუძველზე მაინც შესაძლებელია და გამოძიების ფარგლებში საკონსულოს შენობას გაჩხრეკენ.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საუდის არაბეთს მოუწოდა დაამტკიცონ, რომ ჟურნალისტმა საკონსულოს შენობა დატოვა.

აშშ საუდის არაბეთს გამოძიებასთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.

საკონსულოში ამბობენ, რომ ხაშოგიმ საკონსულოს შენობა მისვლიდან მალევე დატოვა, თუმცა ამის ამსახველი ვიდეომასალა არ აქვთ, რადგან მათი სათვალთვალო კამერები ჩანაწერებს არ აკეთებს. აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩმა, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრის, მუჰამედ ბინ სალმანის ძმამ თქვა, რომ საუდის არაბეთი თურქეთის ნებართვით ქვეყანაში ჯგუფს გაგზვნის, რომელიც გამოძიებას დაეხმარება.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით პირადად მიადევნებს თვალს გაუჩინარებული არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის საქმის გამოძიებას.

"სწავლობენ საელჩოში შესულებისა და გამოსულების მონაცემებს, აეროპორტის ტრანზიტებს და კამერების ჩანაწერებს. ჩვენ გვსურს დროულად მივიღოთ შედეგები. ჩემი მოლოდინი ჯერ კიდევ პოზიტიურია." თქვა მან.

საუდის არაბეთის მოქალაქე, ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი გასულ კვირას სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში ქორწინებისათვის აუცილებელი დოკუმენტების მისაღებად მივიდა, თუმცა მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.

საკონსულოში ვიზიტამდე მან საცოლეს დაუბარა, რომ თუ რამდენიმე საათში არ დაბრუნდებოდა თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებისათვის შეეტყობინებინა.

ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი იემენში საუდის არაბეთის კოალიციის მოქმედებებისა და ქვეყნის შიგნით მოწინააღმდეგეთა რეპრესიის საკითხებზე და გასულ წელს ქვეყნის დატოვებაც სწორედ ამიტომ მოუხდა.

"მე დავტოვე ჩემი სახლი, ჩემი ოჯახი, ჩემი სამსახური და ხმა ავიმაღლე. სხვაგვარად მოქცევა მათი ღალატი იქნებოდა, ვინც ციხეებში იტანჯება. მე შემიძლია ვისაუბრო მაშინ, როდესაც ძალიან ბევრს არ შეუძლია." დაწერა მან გასულ თვეს.

თურქეთის ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს.

საკონსულოს წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ. ხაშოგი მოკლულად არ მიაჩნია არც მის საცოლეს.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმავე დღეს, როდესაც ხაშოგი გაუჩინარდა საუდის არაბეთის 15 მოქალაქე, მათ შორის ოფიციალური პირები, სტამბოლში 2 თვითმფრინავით ჩავიდნენ და საკონსულოში იმყოფებოდნენ. მათ ქვეყანა მალევე დატოვეს. თურქეთი მათი ვინაობის დადგენას ცდილობს.

კომენტარები