კანიე უესტი

კანიე უესტმა კრიტიკის გამო ინსტაგრამის და ტვიტერის ანგარიშები წაშალა

getty images

მომღერალმა კენიე უესტმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა და Ye დაირქვა, ინსტაგრამის და ტვიტერის ანგარიშები წაშალა. 

როგორც თავად ამბობს, სოციალური მედია მას იმედებს უცრუებს. 

რეპერი სოციალური მედიების მომხმარებლებმა რამდენიმე დღის წინ მისი იმ განცხადების გამო გააკრიტიკეს, რომლის მიხედვითაც, როგორც უესტი ამბობს, აშშ-ის კონსტიტუციის მე-13 შესწორება უნდა წაიშალოს. კონსტიტუციის ამ მუხლით აშშ-ში მონობა გაუქმდა. 

მოგვიანებით უესტმა თავისი ეს ნათქვამი განმარტა და თქვა, რომ ის არა მუხლის წაშლას, არამედ უშუალოდ სიტყვა "შესწორების" შემოკლებას გულისხმობდა - "Amendment" - "amend". ​

ასევე, რეპერის  გამოსვლამ "შაბათის შოუში" მოსახლეობის ნაწილის აღშფოთება გამოწვია, ნაწილი კი გამხიარულდა - უესტს ეხურა კეპი დონალდ ტრამპის მხარდამჭერი სლოგანით - "გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული" და აუდიტორიასაც პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი მესიჯით მიმართა. 

"ბევრმა თეთრკანიანმა ადამიანმა მკითხა, როგორ შემიძლია მე, ფერადკანიანს ტრამპის მხარდაჭერა, როცა ის რასისტია. მე რომ რასიზმი მაღელვებდეს, აშშ-დან დიდი ხნის წინ წავიდოდი", - თქვა უესტმა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კანიე უესტმა სოციალური მედიის ანგარიშები წაშალა. მან ტვიტერი აპრილში აღადგინა დიდხნიანი პაუზის შემდეგ. 

ცოტა ხნის წინ კი ამავე პლატფორმაზე მან სახელი შეიცვალა, Ye დაირქვა და ადამიანებს სთხოვა, ასე მიმართონ. 

ასევე ტვიტერით მან "მშვიდობისმყოფელობა" სცადა და კოლინ კაპერნიკს მიმართა, თავისი გამოცდილების შესახებ პირდაპირ ტრამპს ესაუბროს. 

კოლინ კაპერნიკი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავია, რომელმაც 2016 წელს წელს, თამაშის წინ ეროვნული ჰიმნის დროს, დაიწყო საპროტესტო კამპანია ტრამპის ამერიკაში რასიზმის წინააღმდეგ. კაპერნიკი საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმაც გააკრიტიკა, თუმცა, დააჯილდოვა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ამნესთი ინთერნეიშნალმა, ასევე გახდა ნაიკის ახალი სარეკლამო კამპანიის სახე. 

კომენტარები