არჩევნები 2018

არასოდეს მისცემდა ხმას: 35% ზურაბიშვილს, 18% ჯაფარიძეს, 10% ვაშაძეს

BCG-ის მიერ ევროპული საქართველოსთვის მომზადებული კვლევის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსთა შორის ყველაზე მაღალი ნეგატიური რეიტინგი ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს აქვს. მას საქართველოს მოსახლეობის 35.3% არასოდეს მისცემდა ხმას. 18.9%-ით მეორე ადგილზე გირჩის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეა.

კითხვაზე რომელ კანდიდატს არ მისცემდით ხმას არასოდეს, პასუხები ასე ნაწილდება:

  • სალომე ზურაბიშვილი - 35.3%;
  • ზურაბ ჯაფარიძე - 18.9%;
  • გრიგოლ ვაშაძე - 10.6%;
  • შალვა ნათელაშვილი - 7.8%;
  • დავით ბაქრაძე - 6.1%.

რაც შეეხება იმას თუ ვის მისცემენ ხმას, ბი-სი-ჯის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, უარებისა და გადაუწყვეტელი ხმების ანალიტიკური შეწონვითა გადანაწილებით, პირველ ადგილზე ევროპული საქართველოს კანდიდატი დავით ბაქრაძეა.

ხმები ასე ნაწილდება:

  • დავით ბაქრაძე - 29%;
  • გრიგოლ ვაშაძე - 28%;
  • სალომე ზურაბიშვილი - 21%; 
  • შალვა ნათელაშვილი - 10%;
  • დავით უსუფაშვილი - 6%;
  • სხვა კანდიდატები - 6%.

ანალიტიკური გადანაწილება მოხდა 20-ზე მეტი დამატებითი კითხვის მეშვეობით, მათ შორის რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყნის არასწორი მიმართულებით განვითარებაზდ, რამდენად გაამართლა ბიძინა ივანიშვილმა მოლოდინები, სხვადასხვა სახელმწიფო და პოლიტიკური ინსტიტუტების შეფასება, პოლიტიკოსების საქმიანობის შეფასება, მეორე არჩევანი, ვის არ მისცემდნენ არასდროს ხმას, მეორე ტურში გაკეთებული არჩევანი, ქვეყნის განვითარების საგარეო ვექტორი.

2018 წლის 4 ოქტომბერს ევროპულმა საქართველომ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა -95%.

კომენტარები