კახა კალაძე

კალაძე: დავამატებთ მეტროს ვაგონებს და მოვაწესრიგებთ მეტროსადგურებს

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტაქსების  რეფორმის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა, - "მგონია, რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც დედაქალაქის ვერცერთმა მთავრობამ ვერ განახორციელა. საზოგადოების მხარდაჭერით, აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება."

კალაძის თქმით, ამ რეგულაციების პარალელურად ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. იგეგმება მეტროსადგურებისა და ავტობუსების მოწესრიგება, ასევე მეტროს ვაგონების დამატება - "პარალელურად, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემოგვყავს ახალი ავტობუსები, უნდა დავამატოთ მეტროს ვაგონები და მოვაწესრიგოთ მეტროსადგურები. 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს სრულად განახლებული ავტობუსების პარკი ეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული, კომფორტული და რაც შეიძლება სწრაფი უნდა გავხადოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქში ყველაზე მოხერხებული იყოს", - ამბობს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ტაქსის მძღოლებისა და ავტომობილების რეგისტრაცია მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. ამოქმედდა შესაბამისი პორტალი, სადაც ლიცენზიის აღებაა შესაძლებელი. მერიის დადგენილების მიხედვით, ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100 ლარი, ხოლო ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ელექტრომობილებისთვის უფასოა. რეგისტრაცია 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მას შემდეგ ყველა ულიცენზიო ავტომობილი 200 ლარით დაჯარიმდება.

კომენტარები