ლევან ყიფიანი "საგანგებო და ფრიად მნიშვნელოვანი განცხადების" გაკეთებას აპირებს

ლევან ყიფიანი
msy.gov.ge

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან და "ომეგა ჯგუფის" ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუსთან დაკავშირებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი უახლოეს დღეებში, საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა.

"ბატონი ლევანი ამ საკითხებთან დაკავშირებით გააკეთებს საგანგებო და ფრიად მნიშვნელოვან განცხადებას... [ჩანაწერებთან დაკავშირებით] არის უამრავი დეტალი... ამოჭრილი... რისი დადასტურება ან უარყოფა ამოგდებული იქნება კონტექსტიდან. ერთობლიობაში, რამდენიმე დღეში, არ გამოვრიცხავთ ხვალ-ზეგ, გავაკეთებთ საკმაოდ მნიშვნელოვან განცხადებას" - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა და მას ემუქრებოდა. ოქუაშვილის თქმით, ეს "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა. 

ინტერვიუსთან ერთად, რუსთავი 2-ს ოქუაშვილმა მიაწოდა ფარული ჩანაწერი, სადაც ყიფიანი თავად იხსნებს სარდაფში მომხდარს, თუმცა მის დეტალებს არ ყვება. დღეს რუსთავი 2-მა კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს შეაგინა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ჩანაწერში ექსმინისტრი ომეგა ჯგუფის წარმომადგენლებს, გიორგი ქურდაძეს და ნიკოლოზ ასანიძეს ელაპარაკება.

სავარაუდოდ გიორგი ქურდაძე - რომ შემოხვედი, შემოგხედე რაღაც სისხლიანი გქონდა აქ.

სავარაუდოდ ლევან ყიფიანი - რაღაცა ეს იყო რა, შევაგინე რა.

სავარაუდოდ გიორგი ქურდაძე - შენ შეაგინე კაცო? რათა?

სავარაუდოდ ლევან ყიფიანი - შესაგინებელი იყო.

სავარაუდოდ ნიკოლოზ ასანიძე - ეგეთ იმაზე წავიდა ურთიერთობა?... რამე გაკადრეს ეტყობა, თორემ აბა, რატომ შეაგინებდი.

სავარაუდოდ ლევან ყიფიანი - არაუშავს, ხდება, კაცები ვართ რა. პროსტა ეგეთი ტიპები არიან, იცი, როგორები არიან - მე მგონი, ჩვენ შორის რჩება - როცა პოლიციელი ხარ, მერე ძველი ბიჭი ხარ, მერე პროკურორი ხარ, ძაან ძნელია რა ეხლა. როცა გინდა პროკურორი ხარ, როცა გინდა ძველი ბიჭი ხარ, ეგეთი რაღაცეები აღარ ხდება.

კომენტარები